ნატალი საბანაძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო ახლოს არის ევროკავშირთან, ვიდრე ათი წლის წინ იყო
ნატალი საბანაძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო ახლოს არის ევროკავშირთან, ვიდრე ათი წლის წინ იყო

საქართველო დღეს ბევრად უფრო ახლოს არის ევროკავშირთან, ვიდრე ათი წლის წინ იყო, – ეს განცხადება ბელგიასა და ლუქსემბურგის სამეფოში საქართველოს საგანაგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ნატალი საბანაძემ „საქართველოს რადიოსთან“ ინტერვიუში გააკეთა.

როგორც საბანაძემ აღნიშნა, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ჩარჩოში მთავარი მიღწევა იყო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება და ვიზების ლიბერალიზაცია.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივის დაწყებიდან 10 წლის განმავლობაში საქართველომ ბევრი სარგებელი ნახა. ჩვენი პრიორიტეტი არის ევროკავშირთან დაახლოება იმ მიზნით, რომ საბოლოოდ მოხდეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია. მიუხედავად იმისა, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ თავისთავად გაწევრიანებას არ ისახავს მიზნად, საქართველო ბევრად უფრო ახლოს არის დღეს ევროკავშირთან, ვიდრე 10 წლის წინ იყო. ერთ-ერთი მთავარი მიღწევა არის ის, რომ ჩვენ ვართ ასოცირებული პარტნიორები. საქართველომ მოაწერა ხელი ასოცირების ხელშეკრულებას, მათ შორის თავისუფალი, ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას. ეს ნიშნავს, რომ საქართველოსთვის, ანუ ქართული კომპანიებისთვის მსოფლიოს უდიდესი ბაზარი ღიაა და მათ აქვთ შესაძლებლობა, გამოიყენონ ეს წვდომა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია უვიზო მიმოსვლა. ესეც ამ ინიციატივის ჩარჩოში მოხდა. რეალურად ის დისტანცია, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან აშორებდა, კიდევ უფრო შემცირდა. საუბარია ფიზიკურ დისტანციაზეც, რადგან საუბარია სხვადასხვა პროექტზე, რომლებიც საქართველოს ევროპასთან ფიზიკურად დაახლოებას ემსახურება. მათ შორის ინვესტიციები ტრანსპორტის მიმართულებით, ეკონომიკური სიახლოვე, პოლიტიკური თავისთავად, რადგან ასოცირების ხელშეკრულების შემდეგ სერიოზული კავშირები გაება. ასევე ხალხთა შორის გაცვლა. საქართველო არის ჩართული მნიშვნელოვან პროგრამებში. მათ შორის გამოვყოფდი „ერასმუსსა“ და „ჰორიზონტს“. ეს აკადემიური პროგრამებია და მომავალის განვითარებას ემსახურება, დიდი წვლილი შეაქვს სტუდენტებისა და მეცნიერების განვითარებაში. ყველაფერი ეს ძალიან სერიოზულ შედეგს გვაძლევს“, – განაცხადა ქართველმა დიპლომატმა.

კითხვაზე, იქნება თუ არა ასახული საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფება და პერსპექტივა, ელჩი პასუხობს, რომ მინისტერიალის ბოლოს მიღებული იქნება არა დეკლარაცია, არამედ საზეიმო განცხადება, რომელშიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პოლიტიკურ მნიშვნელობაზე იქნება გამახვილებული ყურადღება. საბანაძის თქმით, ეს განცხადება არ იქნება პოლიტიკურად და იურიდიულად ისეთი მნიშვნელობის მქონე, როგორც სამიტის დეკლარაციებია.

ეს განცხადება არ იქნება პოლიტიკურად და იურიდიულად ისეთი მნიშვნელობის მქონე როგორც სამიტის დეკლარაცია.

„ხაზს გავუსვამდი, რომ მინისტერიალის ბოლოს იქნება მიღებული არა დეკლარაცია, არამედ საზეიმო განცხადება, რომელიც ასახავს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ დაწყებიდან განვლილ 10 წელს. განცხადებაში აღნიშნული იქნება, თუ რა მოუტანა ამ ინიციატივამ საქართველოს და სხვა პარტნიორ ქვეყნებს. ეს არ არის ისეთი განცხადება, რომელშიც სამომავლო პერსპექტივა ან მისწრაფებები უნდა იყოს ასახული. ალბათ იქნება რეფერენსი არსებულ დეკლარაციებზე, სადაც საქართველოს ევროკავშირისკენ მისწრაფებები არის ასახული. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ამ განცხადების მთავარი მიზანი იქნება ის, რომ შეიქმნას საზეიმო განწყობა და ხაზი გაესვას „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივის პოლიტიკურ მნიშვნელობას“, – განაცხადა ნატალი საბანაძემ.