ნატალი საბანაძე - ბათუმში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაზე დისკუსიები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალზე იქნება
ბათუმში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაზე დისკუსიები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალზე იქნება, – ამის შესახებ ევროკავშირში საქართველოს ელჩმა, ნატალი საბანაძემ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.
მისი თქმით, ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ ყოველწლიურად იმართება. წლევანდელი კონფერენცია კი, განსაკუთრებულია.
„გვყავს ძალიან მაღალი დონის სტუმრები. მათ შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, რომელიც გახსნის კონფერენციას. მოხარულები ვართ, რომ ასეთი დასწრებაა.
კონფერენცია ეძღვნება აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წელს. იქნება დისკუსიები ამ პარტნიორობის მომავალზე. ჩვენ დავაფიქსირეთ სურვილი, რომ უფრო გავაღრმავოთ ინტეგრაცია ყველა დონეზე, იქნება ალბათ სექტორულ ინტეგრაციაზე. ასევე იქნება დახურული მსჯელობა იმაზე, რა შემდეგი ნაბიჯი შეიძლება მოძებნოს საქართველომ, რათა კიდევ ერთი ნაბიჯით დაუახლოვდეს ევროკავშირში გაწევრიანებას“, – განაცხადა საბანაძემ.
ბათუმში 11-12 ივლისს მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია „ღირებული პარტნიორობის 10 წელი – განვლილი გზა და პერსპექტივები“ გაიმართება. კონფერენცია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავს ეძღვნება.