„ნატახტარის“ კომერციული დირექტორი - „ოქროს სიასთან“ დაკავშირებით გადაწყვეტილება 2020 წლიდან უნდა შევიდეს ძალაში
„ოქროს სიასთან“ დაკავშირებული ცვლილება არც ერთ ბიზნესასოციაციასთან არ ყოფილა შეთანხმებული, – ამის შესახებ „ოქროს სიის“ მონაწილე კომპანია „ნატახტარის“ კომერციულმა დირექტორმა, ნუკრი ხუნძაკიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, შესაძლოა, ხელისუფლებასა და ბიზნესს სხვადასხვა პოზიცია ჰქონდეს კონკრეტულ საკითხზე, მაგრამ აუცილებელია კონსულტაცია გადაწყვეტილების ამ რეჟიმში მიღება, თუნდაც ამ გადაწყვეტილებას ბიზნესი არ ეთანხმებოდეს.
„ეს ყველაფერი გარანტირებულად გვაქვს ასოცირების ხელშეკრულებით, სადაც პირდაპირ არის გაწერილი. ხელისუფლების ვალდებულებაა, ნებისმიერი ამ ტიპის გადაწყვეტილება იყოს გონივრული, დროში გაწერილი, ბიზნესთან წინასწარი კონსულტაციის გზით გავლილი, გამჭვირვალე და ა.შ. ყველა ეს საკითხი, რომელიც უნდა ყოფილიყო თანმდევი პროცესი, სამწუხაროდ არ იქნა გაზიარებული“, – განაცხადა ნუკრი ხუნძაკიშვილმა.
მისი თქმით, ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილება ცვლის „ოქროს სიის“ მონაწილე კომპანიების ფინანსურ მდგომარეობას.
„ჩვენ უკვე დაგეგმილი გვაქვს ბიუჯეტები, შესაბამისად, ძალიან გონივრულია და ამაზე პრაქტიკულად უკვე შეთანხმებული ვართ, რომ ამ ტიპის გადაწყვეტილებების მიღებამდე მოგვეცეს ვადა, როდესაც ჩვენ შევძლებთ ბიუჯეტების კორექტირებას. სულ მცირე, ექვსი თვე უნდა იყოს. თუ ამ ტიპის გადაწყვეტილება მიიღება, როგორც მინიმუმ, ეს ძალაში უნდა შევიდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან და არა, დღესვე“, – განაცხადა კომპანია „ნატახტარის“ კომერციულმა დირექტორმა.
მისი შეფასებით, აუცილებელია კონსულტაციები.
„ჩემი აზრით, არაგონივრული იქნება ხელისუფლების მხრიდან, რომ არ გაახანგრძლივონ ვადები და კონსულტაციის რეჟიმში არ გადავიდეთ. იმედს ვიტოვებ, კონსულტაციები გაგრძელდება. ჩვენ ვიცით მთავრობის, პირადად პრემიერ-მინისტრის განწყობა ბიზნესთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ალბათ, ეს არის რაღაც კომუნიკაციის პრობლემა და გაუგებრობა, ვიდრე მიზანმიმართული აქტი ბიზნესის წინააღმდეგ“, – განაცხადა ნუკრი ხუნძაკიშვილმა.
ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის ბრძანებით, ე.წ. ოქროს სიაში მყოფი კომპანიებისთვის იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადასთან დაკავშირებული შეღავათი გაუქმდა. შემოსავლების სამსახურის განმარტებით, იმპორტის გადასახდელების გადახდის ხუთდღიანი ვადა გავრცელდება „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილ საქონელზე, ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 30-დღიანი ვადისა, წინასწარ (საქონლის შემოტანამდე) დეკლარირებულ საქონელზე, ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 15-დღიანი ვადისა და დეკლარანტის მიერ შევსებული და რეგისტრირებული დეკლარაციით გაფორმებისას, ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 10-დღიანი ვადისა.