ნატა ფერაძე- მერიასთან კვლავ მძიმე აქციების ფორმით მოგვიწევს ურთიერთობა
პარტიზანი მებაღე, ნატა ფერაძე საპროტესტო აქციების განახლებას არ გამორიცხავს, მერიას კი ხეების ჭრაზე კონტროლის გამკაცრებას თხოვს.
“თბილისის გამწვანების სამსახურის ახალმოსულმა უფროსმა ათას ხეზე გასცა მოჭრის ნებართვა. ერთხელ მაინც ჰკითხა კომპანიას, შეიძლებოდა თუ არა პროექტის ისე შედგენა, რომ ეს საჭირო არ გამხდარიყო? როცა კიდევ ერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სიკვდილიანობით მესამე ადგილზე ვართ, ათასი ხის მოჭრა ყოვლად დაუშვებელია. არავინ იფიქროს, რომ შემოგარენში მოჭრილი ხეები თბილისზე არ მოქმედებს “,–განაცხადა ნატა ფერაძემ და აღნიშნა, რომ ახალ მერთან ის დადებითი კომუნიკაცია აღარ არსებობს, რაც თავდაპირველად ჰქონდა.
„ახალი მერი თავიდან თითქოს კარგად შემოვიდა კომუნიკაციაში. გვეგონა, საშველი იქნებოდა, მაგრამ ბოლო დროს ჩამოგვიშორა. ალბათ ეს იყო პიარისთვის გაკეთებული. როგორც ვატყობ, მერიასთან კვლავ მძიმე აქციების ფორმით მოგვიწევს ურთიერთობა”, -განაცხადა მან.
შეგახსენებთ, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხათწყაროს მიმდებარედ, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით ხე-ტყის ჭრის ფაქტი გუშინ გამოავლინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კონტრაქტორმა კომპანიამ, შპს „ბათუმის ბიზნეს აკადემიამ“ 110 ძირი ხე მოჭრა.