ნატა ძველიშვილი - „იბერიას“ ჟურნალისტების მიერ გამოთქმული ბრალდებები სერიოზულია და ამას შესაბამისი მტკიცებულებები სჭირდება
ნატა ძველიშვილი - „იბერიას“ ჟურნალისტების მიერ გამოთქმული ბრალდებები სერიოზულია და ამას შესაბამისი მტკიცებულებები სჭირდება

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ხელმძღვანელის, ნატა ძველიშვილის განცხადებით, ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტების მიერ გამოთქმული ბრალდებები ძალიან სერიოზულია და ამას შესაბამისი მტკიცებულებები სჭირდება.

როგორც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ხელმძღვანელმა ტელეკომპანია „იბერიაში“ გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, გამოთქმული ეჭვები  უნდა დადასტურდეს ან უარყოფილ იქნას.

„არის თუ არა ეს მიზანმიმართული და უკავშირდება თუ არა სარედაქციო პოლიტიკას, ძალიან სერიოზული ბრალდებაა, რასაც   დამტკიცება სჭირდება. თუმცა, როდესაც ჟურნალისტები ამ სიმპტომებზე მიუთითებენ და ეჭვებს გამოთქვამენ, ცხადია, ეს ეჭვები ან დადასტურებული უნდა იყოს, ან უარყოფილი. მიღებული ინფორმაციით, მე  ძალიან გამიჭირდება რაიმე ხისტი პოზიცია ჩამოვაყალიბო, რადგან არ ჩამიხედავს, რა ხდებოდა ამ კომპანიაში“, – განაცხადა ნატა ძველიშვილმა.

ქარტიის თავმჯდომარის თქმით, დღეს მედიაგარემოში არაჯანსაღი სიტუაციაა და ჟურნალისტებს არასტაბილურ გარემოში უწევთ მუშაობა.

მისი თქმით,  ქარტია ტელეკომპანია „იბერია“ ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით დააკვირდება.

ტელეკომპანია „იბერიას“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ჟურნალისტების სახელით სპეციალური განცხადება გუშინ გაავრცელა. „ტელეკომპანია „იბერიას“ მთავარი დამფინანსებელი არის „ომეგა“ ჯგუფი და მასში შემავალი კომპანიები, რომელიც აღმოჩნდა სერიოზული ფინანსური დარტყმის ქვეშ. კომპანია „ომეგა“ დღესაც დემპინგის მსხვერპლია, რაც სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს უჩენს ტელეკომპანია „იბერიას“ და არხზე მომუშავე ჟურნალისტები ვვარაუდობთ, რომ ეს ხდება მიზანმიმართულად, იმისთვის, რომ ტელეკომპანიამ ვეღარ გააგრძელოს მაუწყებლობა თავისუფალი სარედაქციო პოლიტიკით. ტელეკომპანია „იბერია“ არის ტელევიზია, რომელიც ყველა ხელისუფლების პირობებში ხდება მიუღებელი და დევნის ობიექტი დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის გამო. ჩვენ ჟურნალისტები მოვუწოდებთ ხელისუფლებას, აღკვეთოს „ომეგა“ ჯგუფის წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებები“, – აღნიშნულია ტელეკომპანიის ჟურნალისტების განცხადებაში.