NASA-ს კოსმოსური ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილე ქართველი გოგონები სამშობლოში დაბრუნდნენ
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ინოვაციების კონკურსის გამარჯვებული გოგონები ნინი ხუნძაკიშვილი, ანი თეთრაშვილი და თამარ მიქელაძე საქართველოში დაბრუნდნენ. მათ NASA-ს კოსმოსური ცენტრის ხუთდღიან საგანმანათლებლო პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა. გოგონები პროექტ ,,რობოტი ლაბორანტის” ავტორები არიან, რომელიც დისტანციურად იმართება და რომლის დახმარებითაც მოსწავლეები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ცდების ჩატარებას დამოუკიდებლად, ლაბორანტის დახმარების გარეშე, სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ.
მოწყობილობა როგორც ხმით, ისე დისტანციურად იმართება. ადაპტირებული და მორგებულია განსაკუთრებული საჭიროებები მქონე სტუდენტებზე. პროექტის მიზანი კვლევისა და ექსპერიმენტის გზით დისტანციური სწავლების დანერგვაა. მოწყობილობას შესაძლებლობა აქვს გამოითვალოს და შეასრულოს კონკრეტული დავალებები, რომელსაც მოსწავლეები მას სახლიდან სპეციალური პროგრამის დახმარებით მისცემენ.
რობოტი ლაპარაკობს და მიმდინარე ექსპერიმენტის შესახებ მოსწავლის კითხვებს პასუხობს. NASA-ს კოსმოსურ სასწავლო ცენტრში გოგონებმა ბევრი საინტერესო ადგილი დაათვალიერეს. მათ შორის, NASA-ს კოსმონავტების საწვრთნელი და მისიის კონტროლის ისტორიული ცენტრები. ასევე, ნახეს NASA-ს რაკეტების პარკი და ყველაზე მძიმე, გრძელი და ძლიერი რაკეტა სატურნ V, რომელიც გამოიყენებოდა აპოლო-ს მისიების შესასრულებლად 1967-1973 წლებში.
კონკურსის გამარჯვებულებმა პროგრამირების და რობოტიკის პროგრამაც გაიარეს და NASA-ს ჯონსონის ცენტრის ვიზიტორების კომპლექსი დაათვალიერეს. კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის პროგრამის ფარგლებში მონაწილეები NASA-ს ყველაზე დიდ საცურაო აუზს ესტუმრნენ, სადაც ასტრონავტები წვრთნას წყალქვეშ გადიან. აუზში მოწყობილია საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ზუსტი ანალოგი კოსმოსური მისიებისთვის ასტრონავტების მოსამზადებლად. წყალქვეშა ლაბორატორია დახურულია და მისი ნახვის საშუალება მხოლოდ კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის მონაწილეებს ეძლევათ.
პროგრამის მონაწილეები ასევე შეხვდნენ ცნობილ ასტრონავტს ავიატორ კენეთ კამერონს, რომელსაც NASA-ს სამ მისიაში აქვს მონაწილეობა მიღებული. გოგონებმა ის ადგილებიც მოინახულეს, სადაც კოსმოსურ მისიებში გამოცდილი კაფსულები, შატლები, როვერები და ხომალდია განთავსებული. პროგრამის დასრულებისას კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
“ძალიან ბევრი საინტერესო ადგილი დაგვათვალიერებინეს, სადაც ჩვეულებრივი ვიზიტორები ვერ შედიან. მრავალფეროვანი პროგრამა იყო, რომლმაც გვასწავლა პრობლემებთან მუშაობა, ჯგუფში მუშაობა და ბევრი სხვა უნარი, რომელიც დარწმუნებული ვარ, მომავალში გამოგვადგება. ასევე, სხვადასხვა კონკურსებში, ლექციებსა და ტრენინგებში მივიღეთ მონაწილეობა. გასაოცარი ლაბორატორიები დაგვათვალიერებინეს და ეს ჩვენთვის ძალიან დიდი წარმატებაა. იმაზე მეტი ვნახეთ, რასაც მოველოდით, ვართ ძალიან გახარებულები. გვინდა ეს ყველა ბავშვმა გამოსცადოს და როდესაც შესაძლებლობა აქვთ ასეთ კონკურსებში მიიღონ მონაწილეობა, უნდა გამოიყენონ ეს შესაძლებლობა, რადგან მათაც შეუძლიათ ასეთი საინტერესო რაღაცეები ნახონ”, – ამბობენ NASA-ს სასწავლო ცენტრიდან დაბრუნებული ერთ-ერთი ბავშვი.