NASA და Uber-ი მფრინავი ტაქსის ქსელის შექმნაზე შეთანხმდნენ
NASA და Uber-ი მფრინავი ტაქსის ქსელის შექმნაზე შეთანხმდნენ

NASA და Uber-ი მფრინავი ტაქსის ქსელის შექმნაზე შეთანხმდნენ.

როგორც Uber-ის წარმოების დირექტორი ჯეფ ჰოლდენი აცხადებს, დაგეგმილია სპეციალური პროგრამის შექმნა, რომელიც მფრინავი ტაქსების მარშრუტებს დაარეგულირებს.

„საავაიაციო სფეროს მარეგულირებლებს ვთავაზობთ თანამშრომლობას, რათა ყველა მხარეს ჰქონდეს დაწვრილებითი ინფორმაცია ჩვენი გეგმების შესახებ“, – აცხადებს BBC-თან საუბარში ჯეფ ჰოლდენი.

მფრინავი ტაქსების ქსელის შესაქმენლად კომპანია როგორც უპილოტო, ისე ადამიანის მიერ მართულ მფრინავ აპარატებს გამოიყენებს. მსგავსი სერვისის გამოყენება სმარტფონით იქნება შესაძლებელი. 

მფრინავი ტაქსების გამოცდა 2020 წლიდან ლოს-ანჯელესში უნდა დაიწყოს. სერვისით სარგებლობა კი 2023 წლიდან იქნება შესაძლებელი.

პროექტის ფარგლებში Uber-ი არ აპირებს საკუთარი მფრინავი აპარატების შექმნას. ის გამოიყენებს სხვადასხვა მწარმოებლის საფრენ აპარატებს. მათ შორის იქნება Aurora Flight Sciences, Embraer, Bell და სხვები.

Uber-ი ასევე მოლაპარაკებებს მართავს დეველოპერულ კომპანია SandStone-თან, რომლისგანაც უნდა მოიპოვოს უფლება, რომ ლოს-ანჯელესში ცათამბჯენებზე მფრინავი ტაქსის ავტოსადგომები მოაწყოს.

NASA-ში ახალი შეთანხმების შესახებ ჯერ კომენტარს არ აკეთებენ.