ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაციისთვის სასჯელის გამკაცრების მიზნით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე მოხდება
ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაციისთვის სასჯელის გამკაცრების მიზნით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე მოხდება.
კანონპროექტის გათვალისწინებით, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღება დაისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 10-დან 15 წლამდე, სანქცია კი მოიმატებს დასახელებული დანაშაულის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჩადენისთვისაც.
კერძოდ, პროექტით, დიდი ოდენობის შემთხვევაში, სასჯელის შუალედი გაიზრდება 7-14 წლით თავისუფლებით აღკვეთიდან 12-და 17 წლამდე, განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემთხვევაში კი, მოიმატებს მხოლოდ სასჯელის მინიმალური ზღვარი და ნაცვლად რვა წლისა, გახდება 14 წელი.
კანონპროექტით დაზუსტებულია, რომ ცვლილება არ შეეხება განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შენახვას, რაც ცვლილების შემდეგ კვლავ ექცევა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის რეგულირების სფეროში. რაც შეეხება დასახელებული საშუალებების გასაღებას, თუ ეს ქმედება ჩადენილი იქნება განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ან ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დაისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 14-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.
ამასთან, ცვლილებებით განისაზღვრება, რომ ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო გასაღებაზე გათვალისწინებული იქნება თავისუფლების აღკვეთა, ვადით სამიდან ექვს წლამდე. გასაღებისთვის პროექტით დადგენილი დამამძიმებელი გარემოებები სრულად იმეორებს მოქმედი რედაქციით გათვალისწინებულ გარემოებებს, მათ შორის გასაღებას დიდი, ან განსაკუთრებით დიდი ოდენობით. დასახელებული ქმედებებისათვის განსაზღვრული სასჯელის ზომა კი, პროექტის თანახმად, ხდება შესაბამისად – თავისუფლების აღკვეთა ვადით ხუთიდან ცხრა წლამდე და ათიდან თოთხმეტ წლამდე.