პარლამენტი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე ცვლილებების განხილვას მარტის დასაწყისში გეგმავს
პარლამენტი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე მარტის დასაწყისში განიხილავს.
როგორც პირველ არხს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განუცხადა, საკითხზე შეჯერება ხდება არა მხოლოდ უმრავლესობის შიგნით, არამედ იმ ჯგუფებთან, რომელთაც ამ პროცესში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს.
“ორ კვირაში იმ შეთანხმების გამოტანას შევძლებთ, რომელზეც უმრავლესობა შეჯერდება. მათ შორის დაკონკრეტდება ზღვრული ოდენობები. კერძოდ, როგორ გაივლება ზღვარი მოხმარებასა და გასაღებას შორის, რაც ყველაზე კრიტიკული და პრინციპული საკითხია. ასევე ვისაუბრებთ იმაზე, რა დამატებითი ინსტრუმენტები შეიძლება იყოს პრევენციის. მთავარ პრინციპებზე ვთანხმდებით, რომელიც ეხება უკომპრომისო ბრძოლას ნარკოგამსაღებლების მიმართ, ნარკომომხმარებლების ზრუნვასა და რეინტეგრაციას, ასევე ნარკოპოლიტიკის მოხმარების პრევენციას”, – განაცხადა ზოიძემ.
პარლამენტში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა შეჩერებულია.
ცვლილებების განხილვა მხოლოდ ჯანდაცვის კომიტეტში მოხდა, სადაც პროექტი პირველი მოსმენით ოპოზიციის მხარდაჭერით გავიდა. აზრთა სხვადასხვა მმართველი გუნდის შიგნითაც არის, ნარკოლიბერალიზაციას მხარს “კონსერვატორები” არ უჭერენ.