ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით დამატებით კიდევ ერთი საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა საქართველოში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით დამატებით კიდევ ერთი ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადეს.
ცვლილებები – „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიციატორები აკაკი ზოიძე, ლევან კობერიძე დიმიტრი ცქიტიშვილი, ირინე ფრუიძე და სოფო ქაცარავა არიან.
ცვლილებების გათვალისწინებით, მოსამართლეს თავად ენიჭება უფლებამოსილება, გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, პირს დამატებით ის უფლებები იმ ვადით ჩამოართვას, როგორც თავად მიიჩნევს სამართლიანად და თანაზომიერად, მსჯავრდებულის და მის მიერ ჩადენილი ქმედების ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით.
„ცვლილებების საფუძველია ის, რომ კანონით გათვალისწინებული სამოქალაქო უფლებების ბლანკეტურად ჩამორთმევა გაუმართლებლად რთულ და მძიმე სამართლებრივ მდგომარეობაში აყენებს ნარკოტიკული დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირებს. შესაბამისად, აღნიშნული კანონით დამოუკიდებლად, ავტომატურ რეჟიმში უფლებების ჩამორთმევა ერთი მხრივ, მსჯავრდებულის უფლებებს ლახავს, მეორე მხრივ კი, მოსამართლესაც უზღუდავს სასჯელის ინდივიდუალიზების და მისი სამართლიანი ზომის განსაზღვრის შესაძლებლობებს“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
რაც შეეხება ცვლილებებს, კანონპროექტის მიხედვით, სასამართლოს უფლება ექნება, გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს 3 წლამდე ვადით შემდეგი უფლებამოსილებიდან ჩამოართვას ერთ-ერთი ან რამდენიმე – სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო ან ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, ასევე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
ცვლილებებით კონკრეტდება, რომ სასამართლოს უფლებამოსილება ექნება, გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ან ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობს 10 წლით ჩამოართვას – საექიმო ან ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, ასევე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო 5 წლამდე ვადით შემდეგი უფლებებიდან ჩამოართვას ერთ-ერთი ან რამდენიმე – სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება,საადვოკატო საქმიანობის უფლება, ან იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება. ამას გარდა, კანონპროექტით, სასამართლოს უფლება ექნება, გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ჩამოართვას – 5 წლამდე ვადით, საადვოკატო საქმიანობის უფლებიდან ან იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებიდან ერთ-ერთი ან რამდენიმე – 15 წლამდე ვადით, ხოლო საექიმო ან ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, ასევე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება- 20 წლამდე ვადით. აღნიშნული დეპუტატების მიერ საკანონმდებლო ორგანოში უკვე ინიცირებულია საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც საქართველოში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას ითვალისწინებს. ცვლილებები პირველი მოსმენით განხილულია საკომიტეტო დონეზე, პლენარულ სხდომაზე მისი განხილვა ჯერ არ მომხდარა.