ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ყოფილ პოლიციელს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვაში ბრალდებულ ყოფილ პოლიციელს ბაგრატ ჯანუაშვილს სასჯელის სახით რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ჯანუშვილის საქმეზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მოსამართლე ციცინო კიკვაძემ დღეს გამოაცხადა.
ყოფილი პოლიციელის დაცვის მხარე აცხადებს, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსამართლე მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებებს დაეყრდნო, რადგან ადვოკატ ნათია ჩხეტიანის განცხადებით, ბრალდების მხარეს სასამართლოში რეალური მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.
ბაგრატ ჯანუაშვილი თბილისში, ორთაჭალის ავტოსადგურზე 2017 წლის 2 აგვისტოს დააკავეს. ის სამართალდამცავ სტრუქტურაში 12 წლის განმავლობაში მუშაობდა. დაცვის მხარე მისი დაკავების მიზეზად იმ ფაქტს ასახელებს, რომ ჯანუაშვილმა ძალოვნებთან არ ითანამშრომლა და მათთვის სასურველი პირების წინააღმდეგ ჩვენებები არ მისცა.
ადვოკატი დავის გაგრძელებას სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში გეგმავს.