ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ირაკლი ქორიძეს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ
გასულ წელს თურქეთიდან რეანომობილით 900 აბი ნარკოტიკის შემოტანის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ქორიძეს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ.
მასთან წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა ადვოკატი სალომე ჯანუაშვილი, რომელსაც საქმის მასალები გადაეცა. ადვოკატის განცხადებით, საქმეში ქორიძის წინააღმდეგ მხოლოდ ჯაბა ხულორდავას ჩვენებაა. როგორც ადვოკატი ამბობს, ეს ჩვენება მას ერთი წლის წინაც ქონდა მიცემული, როდესაც ნარკოდანაშაულისთვის გიორგი გიორგანაშვილისთვის ბრალის წარდგენა მიმდინარეობდა.
ასევე, ადვოკატი ამბობს, რომ ჯაბა ხულორდავას ჩვენება რამდენჯერმე აქვს შეცვლილი და ისინი ჯერ კიდევ გასულ წელს, შინაგან საქმეთა მინისტრს, პროკურატურას და სახალხო დამცველს აფრთხილებდნენ, რომ ქორიძის წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მიცემა იგეგმებოდა.
ქორიძისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ, სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.
დაცვის მხარეს წარდგენილი ბრალის სიმძიმიდან გამომდინარე იმედი არ აქვს, რომ სასამართლო არასაპატიმრო ღონისძიებას გამოიყენებს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ადვოკატი დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს.
შსს-ში გუშინ განაცხადეს, რომ ირაკლი ქორიძის ორგანიზებით თურქეთიდან საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება შემოიტანეს. ამ სქემის განხორციელებაში კი, მას ეხმარებოდნენ ჯაბა ხულორდავა და გიორგი გიორგანაშვილი. შსს-ს ც ცნობით, ნარკოტიკების შემოტანა კატასტროფის მედიცინის ცენტრის რეანომობილით მოხდა.
გიორგი გიორგანაშვილის ადვოკატს გამომძიებელი უკვე დაუკავშირდა და აცნობა, რომ მისთვის ბრალის დამძიმე იგეგმება. მას 8 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის და ახალი მუხლი, რომელსაც ბრალდება წარუდგენს, ორგანიზებულ ნარკოდანაშაულს ეხება.