ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ბულგარეთის ორ მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა, ბრალდებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვის და ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვისათვის დაკავებულ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. როგორც პროკურატურის ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრალდებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.
„2020 წლის 28 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა და წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა-გადაზიდვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის ფაქტზე, ბრალდებულის სახით დაკავებულ ბულგარეთის მოქალაქეებს ვ.ც-ს და დ.მ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა საზღვარგარეთ უკანონოდ შეიძინეს და საქართველოს ტერიტორიის გავლით, ევროპის ქვეყნებში ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის მიზნით საქართველოში შემოიტანეს და ინახავდნენ 40 კილოგრამამდე (38.147 კგ) ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს. აღნიშნული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოღებული იქნა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ბრალდებულების დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად.
ვ.ც-ს და დ.მ-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა-გადაზიდვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) და 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში. მათივე ვნობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
სპეცოპერაცია საქართველოს ცენტრალურმა კრიმინალურმა პოლიციის დეპარტამენტმა, პროკურატურამ და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტმა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციასთან ერთად განახორციელა.