ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებულ ბერ-მონაზონს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებულ ბერ მონაზონ გიგა-სვიმონ ქავთარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ბერ-მონაზონს ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვა-შეძენა ჯგუფურად, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას რვიდან 20 წლამდე, ან უვადოდ.
ის ნაწილობრივ გრძნობს თავს დამნაშავედ მხოლოდ შენახვა-შეძენაში, მაგრამ ჯგუფის მიერ დანაშაულის ჩადენაში არა.
ადვოკატმა, ჯიტა გულუამ სასამართლო სხდომაზე წარმოადგინა ბერ-მონაზვნის დახასიათება და აღნიშნა, რომ რამდენიმე სასულიერო პირი მზად არის, თავდებში დაუდგეს ბერ-მონაზონს. მან სასამართლოს შესთავაზა 20 ათას ლარიანი გირაო, თუმცა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და ბრალდებულ ბერ-მონაზონს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დაცვის მხარე სასამართლო გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
შსს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ათონის მთაზე მოღვაწე ბერი ორი დღის წინ დააკავეს.