შსს - 1983 წელს დაბადებული გ.ბ. სარფში ბრალდებულის სახით იმ დროს დავაკავეთ, როდესაც ის ქვეყნის დატოვებას და საზღვარგარეთ მიმალვას ცდილობდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულების განადგურების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
სამინისტროს ცნობით, 1983 წელს დაბადებულ გ.ბ. სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში 2 აგვისტოს, იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ქვეყნის დატოვებას და საზღვარგარეთ გამგზავრებას ცდილობდა.
შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„მიმდინარე წლის 24 ივლისს, პოლიციის თანამშრომლებმა, თბილისში, ჩიქობავას ქუჩა N4-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, 1983 წელს დაბადებული გ. ბ.-ის პირადი ჩხრეკა განახორციელეს, რის შედეგადაც მისგან ამოღებულ იქნა მოთეთრო ფერის ფხვიერი მასა, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებების დასრულებისთანავე, სამართალდამცველებმა გ.ბ. ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით გადაიყვანეს ნარკოლოგიურ სამსახურში, სადაც მან უარი განაცხადა შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარებაზე. ამის შემდეგ, გ.ბ. გადაყვანილ იქნა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის ეზოში, დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლების მიზნით.
სამართალდამცველების ავტომობილში მყოფმა გ.ბ.-მ, ბადრაგად მყოფი პოლიციელების თანდასწრებით, ავტომანქანის სალონში არსებული, ნივთმტკიცების დალუქული პაკეტის აღება და განადგურება მოახერხა.
აღნიშნული პირის დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლების შემდეგ, საგამოძიებო მოქმედებები გაგრძელდა და დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები. ექსპერტიზების დასკვნების მიღებამდე, დაკავებული გ.ბ. პროკურორის დადგენილებით, 25 ივლისს გათავისუფლდა.
საგამოძიებო მოქმედებების დროს, სამართალდამცველების ავტომანქანიდან ამოღებულ, დაზიანებულ პაკეტსა და სალონის ზედაპირზე ჩატარდა შესაბამისი ქიმიური ექსპერტიზები, რომელთა დასკვნის მიხედვით, პოლიეთილენის პაკეტსა და ავტომანქანის სალონის ანაწმენდებზე დაფიქსირებულია ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ კვლები.
ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებისგან, 27 ივლისს ცალკე წარმოებად გამოიყო მტკიცებულებების განადგურების საქმე.
გ.ბ. ბრალი წარედგინა სსკ-ის 368-ე მუხლით, რაც სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების განადგურებას გულისხმობს.
გარდა ამისა, პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება პოლიციის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.