ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში რუსეთის მოქალაქე დააკავეს
ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში რუსეთის მოქალაქე დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1998 წელს დაბადებული გ.ბ. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება-შეძენა-შენახვის და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების გასაღების მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.ბ. რამდენიმე კვირის განმავლობაში თბილისის სხვადასხვა უბანში მოწყობილ სპეციალურ სამალავებში ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას რეალიზაციის მიზნით ტოვებდა.

მათივე ცნობით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, პეტრე-პავლეს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 14 სამალავიდან რეალიზაციისთვის გამზადებული 14 შეკვრა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება – ე.წ. ბიო ამოიღეს.

„სამართალდამცველებმა, დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სავარაუდოდ სარეალიზაციოდ გამზადებული ხუთი შეკვრა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება – ე.წ. ბიო ამოიღეს. ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია ქალაქის სხვადასხვა ადგილის ამსახველი ფოტომასალა და რუკა, ლოკაციების მითითებით“, – აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება-შეძენა-შენახვისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების გასაღების მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის
მეორე ნაწილით და 19-260-ე მუხლის მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს.

დანაშაული ექვსიდან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.