ნარიყალას ციხე-სიმაგრის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე, თბილისის განვითარების ფონდის დირექტორთან, გიორგი ბაიდარაშვილთან ერთად გაეცნო.
„ეს არის ერთ-ერთი ღირშესანიშნავი ადგილი თითოეული ჩვენგანისთვის, ტურისტებისთვის ერთ-ერთი სავიზიტო ადგილია დედაქალაქში და შესაბამისად, მისი კეთილმოწყობა, განვითარება ფუნქციურად არის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ აღდგეს და სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდეს და ძალიან მალე მთლიანად იქნება დასრულებული. ჩვენი პრიორიტეტული მიმართულება ოთხი წლის განმავლობაში იქნება ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის აღდგენითი სამუშაოები, ამაში შედის ძეგლები, ისტორიული შენობა-ნაგებობები, ეს არის ის სიმდიდრე. მე ყოველთვის ხაზს ვუსვამ ამას, რომელიც ჩვენს ქალაქს გააჩნია, ის ხიბლი, სილამაზე, რომელსაც სჭირდება მოვლა-პატრონობა, კეთილმოწყობა და ჩვენ, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებთ ამ მიმართულებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები თბილისის განვითარების ფონდმა 2016 წლის შემოდგომაზე დაიწყო და პროექტ „ახალი ტფილისის“ ერთ-ერთი მსხვილი მიმართულების – „ისტორიულ-კულტურული ძეგლების და სხვა შენობების რეაბილიტაციის პროგრამით“ განახორციელა.
პირველი ეტაპის ფარგლებში 1200 კვ.მ-ზე სარესტავრაციო და გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდა ციტადელის აღმოსავლეთ კედელს (N12 -N18 ბურჯებს შორის), ქართული აგურის წყობით, ქვის ჩანართებით; რესტავრაცია ჩაუტარდა აღმოსავლეთის გალავნის N15 დაN17 ბურჯებს; მთლიანად განახლდა საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელები; ნარიყალას ციხისთვის პირვანდელი იერსახის დაბრუნების მიზნით, მოიშალა გალავნის შიდა მხარეს მიშენებული სატრაპეზო; ნარიყალას ტაძრის მიმდებარედ, აშენდა ორსართულიანი საერო სახლი (მრევლისთვის), რომელიც ბუნებრივად ერწყმის ეზოს რელიეფს და მოპირკეთებულია ძველი თბილისის არქიტექტურისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი მასალებით; შენობის მიმდებარედ არსებული ქუროს (ლითონის სადნობის) უძველესი ნაშთი დაიფარა შუშის კონსტრუქციით; ქვაფენილით მოპირკეთდა გალავნის შესასვლელიდან – ტაძრის ეზომდე ასასვლელი გზა; მოეწყო შშმ პირებისთვის ადაპტირებული საზოგადოებრივი ტუალეტი.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ნარიყალას ციხე-სიმაგრის სარეაბილიტაციო პროექტი არქიტექტორ ტარიელ კიპაროიძის ავტორობით მომზადდა.
მერიის ცნობით, ნარიყალას ციხე-სიმაგრის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდა, რისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 715 000 ლარი დაიხარჯა.