ნარენდრა მოდიმ „ბრიქსის“ სამიტის წინ ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ სურს მშვიდობა უკრაინაში და ინდოეთი შეთანხმების მიღწევაში დასახმარებლად მზადაა
ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ „ბრიქსის“ სამიტის წინ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ სურს მშვიდობა უკრაინაში და ნიუ დელი კონფლიქტის დასასრულებლად შეთანხმების მიღწევაში დასახმარებლად მზადაა.
ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ნარენდრა მოდის თქმით, მადლობას უხდის პუტინს „მტკიცე მეგობრობისთვის“. ინდოეთის პრემიერმა შეაქო მზარდი თანამშრომლობა, თუმცა აღნიშნა, რომ, ინდოეთის აზრით, უკრაინის კონფლიქტი მშვიდობიანი გზით უნდა დასრულდეს.
„ჩვენ მუდმივ კავშირში ვიყავით რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე კონფლიქტის საკითხზე. მიგვაჩნია, რომ პრობლემები მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა გადაწყდეს. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენას. ინდოეთი მზადაა, უზრუნველყოს ყველა შესაძლო მხარდაჭერა მომავალშიც“, – განაცხადა ნარენდრა მოდიმ და აღნიშნა, რომ ამ საკითხებს განიხილავს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.
შეგახსენებთ, რუსეთის ქალაქ ყაზანში „ბრიქსის“ სამიტი იმართება. სამიტზე დასასწრებად რუსეთში ჩინეთის, ინდოეთის, ეგვიპტის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ლიდერები ჩავიდნენ. „ბრიქსის“ სამიტს ასევე დაესწრებიან თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.