ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ტყის ფონდის ტერიტორიაზე ბზის ალურით დაზიანებული კოლხური ბზის კორომების შეწამვლითი ღონისძიებები ხორციელდება.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ნაქერალის უღელტეხილზე 20 ჰა-მდე ფართობი შეიწამლა. მიმდინარე სამუშაოებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი თორნიკე გვაზავა ადგილზე გაეცნო.
გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, ეროვნული სატყეო სააგენტო ბზის კორომების შეწამვლას საქართველოს სამ რეგიონში, იმერეთში, გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში 2016 წლიდან ახორციელებს. მავნებლის ბიოლოგიიდან გამომდინარე, შეწამვლითი სამუშაოები სამჯერ, 400 ჰა ფართობზე განხორციელდა, რასაც 2017 წელს დაემატა რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი. საერთო ჯამში, გასულ წელს ბიოლოგიური პრეპარატით შეწამლეს 550 ჰა ბზით დაფარული ფართობი.
ბზის კორომები ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მიმდინარე წელსაც სამჯერ იქნება შეწამლული საქართველოს სამ რეგიონში – იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში. ასევე, მავნებლის ინტენსიური მონიტორინგისა და დიდი რაოდენობით დაჭერა-განადგურების მიზნით, ბზის კორომებში განთავსდება 1 500 ცალი ფერომონიანი მწერმჭერი.
ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ ასევე იგეგმება მავნებელთან ბრძოლის სხვადასხვა ალტერნატიული ღონისძიების გამოცდაც.