პეკინში ქალთა შორის უმაღლესი კატეგორიის ტურნირი იაპონელმა ნაომი ოსაკამ მოიგო. მან ფინალში მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ავსტრალიელი ეშლი ბარტი სამ სეტში დაამარცხა – 3:6, 6:3, 6:2.
ოსაკამ შესანიშნავად ითამაშა საკუთარ მოწოდებაზე – მხოლოდ ერთი საკუთარი გეიმი ჩააგდო და ამის გამო დათმო პირველი პარტია. მეორე და მესამე სეტებში ბარტი ერთადერთხელ მივიდა ბრეიკ-პოინტამდე და ეს შანსი ვერ გამოიყენა. ოსაკამ კი შვიდი ბრეიკ-პოინტიდან სამი ბრეიკი შეასრულა – ერთი მეორე სეტში და ორი მესამეში.
ფინალამდე ნაომიმ მოუგო „როლან გაროსისა“ და აშშ-ის ღია პირველობის ჩემპიონებს – სიმონა ჰალეპსა და ბიანკა ანდრეესკუს. ამ უკანასკნელს, იაპონელთან თამაშამდე 16-მატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდა.
ოსაკასთვის ეს იყო ზედიზედ მეათე მოგება – პეკინამდე მან თავის მშობლიურ ქალაქში ოსაკაში შეძლო გამარჯვება. იაპონელისთვის ეს იყო მესამე ტიტული ამ სეზონში და მეხუთე – კარიერაში.
ამ მოგებით, ოსაკა გახდა მეხუთე ჩოგბურთელი, ვინც წლის შემაჯამებელ ტურნირზე თამაში გაინაღდა. მანამდე ეს გააკეთეს ეშლი ბარტიმ, კაროლინა პლიშკოვამ, სიმონა ჰალეპმა და ბიანკა ანდრეესკუმ.
ორშაბათიდან, ახალ რეიტინგში ოსაკა უკრაინელ ელინა სვიტოლინას გაუსწრებს და მესამე ადგილზე გადავა.