ნანტში აქციის მონაწილეებმა ინტერნეტსა და მედიაში პოლიციელის მაიდენტიფიცირებელი გამოსახულების გამოქვეყნების აკრძალვა გააპროტესტეს
ნანტში აქციის მონაწილეებმა ინტერნეტსა და მედიაში პოლიციელის მაიდენტიფიცირებელი გამოსახულების გამოქვეყნების აკრძალვა გააპროტესტეს

საფრანგეთის ქალაქ ნანტში რამდენიმე ათასი დემონსტრანტი უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ გამოვიდა, რომელიც ინტერნეტსა და მედიაში პოლიციელის მაიდენტიფიცირებელი გამოსახულების გამოქვეყნებას კრძალავს.

საკანონმდებლო ინიციატივის ოპონენტები პროექტს მედიის თავისუფლების შეზღუდვად აფასებენ მაშინ, როდესაც მთავრობა აცხადებს, რომ კანონპროექტი მიმართულია სამართალდამცველების დევნისა და თავდასხმებისგან დასაცავად.

კერძოდ, საკანონმდებლო ინიციატივა კრძალავს ინტერნეტში, ასევე ბეჭდურ და სამაუწყებლო მედიაში სამართალდამცველების მაიდენტიფიცირებელი გამოსახულებების გამოქვეყნებას მათთვის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანის მიყენების მიზნით. დოკუმენტი ერთ წლამდე პატიმრობასა და 45 ათასამდე ევროს ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს.

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ აღნიშნულ კანონპროექტი 24 ნოემბერს დაამტკიცა, რასაც საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. დოკუმენტის განხილვა ზედა პალატაში, ანუ სენატში იანვარში იგეგმება.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის კანცელარიაში განაცხადეს, რომ შეიქმნება ახალი კომისია, რომელსაც კანონპროექტის ახალი ვერსიის შემუშავება დაევალება.

დატოვე კომენტარი