ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ექიმები მის მდგომარეობას მძიმედ აფასებენ
ბათუმში, სახლის ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც კლინიკა „ევექსის“ პრესსამსახურში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, ქალის მდგომარეობას ექიმები აფასებენ, როგორც ძალიან მძიმეს. კლინიკაში სხვა კომენტარისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ.
მაშველებმა ნანგრევებიდან ქალი ცოტა ხნის წინ ამოიყვანეს.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი დღეს ჩამოინგრა. მომხდარიდან მალევე ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან მცირეწლოვანი ბავშვი ამოიყვანეს, რომლის მდგომარეობაც ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
როგორც შსს-ში აცხადებენ, კორპუსის ნგრევის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და ზუსტდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.