ნანა ოდიშარია - დადგინდა, რომ სამეგრელოში კორონავირუსზე სუსტი დადებითი პასუხის მქონე პირს დაავადების მილევადი ფაზა აქვს
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის დირექტორის, ნანა ოდიშარიას ინფორმაციით, ლუგარის ლაბორატორიიდან მიიღეს 70 წლამდე ზუგდიდელი მამაკაცის ანტისხეულებზე კვლევის შედეგები. მისი თქმით, ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ პაციენტს აქვს დაავადების მილევადი ფაზა. ოდიშარიას თქმით, ამ პერიოდში დაავადების გადამდებლობის რისკი მინიმალურია.
70 წლამდე მამაკაცს გუშინ და 16 ივნისს კორონავირუსზე პისიარ კვლევის შედეგად, სუსტად დადებითი პასუხი ჰქონდა. მას 12 ივნისს საზღვრის კვეთა უფიქსირდება. საზღვარზე მისი პასუხი იყო უარყოფითი. თუმცა ის მაინც კარანტინში გადაიყვანეს. 14 ივნისს კი დროებით გაათავისუფლეს კარანტინიდან ძმის გარდაცვალების გამო. გუშინდელი პასუხის შემდეგ, მისი შვიდი კონტაქტი კარანტინში გადაიყვანეს, 22 კი თვითიზოლაციაში.