ნანა ლორთქიფანიძე - რა მნიშვნელობა აქვს ვისი შვილი და შვილიშვილია, 18 წლის ბიჭის მკვლელი პრეზიდენტმა არ უნდა შეიწყალოს
რა მნიშვნელობა აქვს გვარს და ვისი შვილი და შვილიშვილია, 18 წლის ბიჭის მკვლელი პრეზიდენტმა არ უნდა შეიწყალოს, – ამის შესახებ პროფესორ გოგი ოთხმეზურის ბიძაშვილმა, მსახიობმა, ნანა ლორთქიფანიძემ განუცხადა.
ლორთქიფანიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბარში „ტრაგედია“ უწოდა იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, გოგი ოთხმეზურის შვილის, 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა.
„ძალიან შეწუხებული იყო ის, ვინც პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან დამირეკა. მითხრა, რომ პრეზიდენტმა არ იცოდა დაზარალებული მხარე. რა მნიშვნელობა აქვს გვარს და ვისი შვილია და ვისი შვილიშვილია, 18 წლის ბიჭის მკვლელი პრეზიდენტმა არ უნდა შეიწყალოს, ეს ტრაგედიაა. მკვლელი გაუშვა, გაათავისუფლეს.
ვფიქრობ, ეს ქვეყნისთვის ძალიან ცუდია, თითოეული ჩვენგანისთვის ცუდია, ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის ძალიან ცუდია. ე.ი. ეს ნორმაა; დასაშვებია, რომ ადამიანი გამოვიდეს ქუჩაში, ან პოლიციელი მოკლას, ან ასე უდანაშაულო, 18 წლის ბავშვი მოკლას და მერე გაათავისუფლონ. ანუ ეს ნორმად ითვლება უკვე ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ნანა ლორთქიფანიძემ.