ნანა კოსტავას საკრებულოდან წასვლის მოთხოვნით ქუთაისში საპროტესტო აქცია გაიმართა
ქუთაისში, საკრებულოს შენობის წინ, საკრებულოს წევრ ნანა კოსტავას წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა.
„ნანა კოსტავა საკრებულოს სირცხვილია“, „ნაკლები ნანა საკრებულოში“ – მსგავსი სახის ტრანსპარანტებით აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, ნანა კოსტავამ ქალაქის საკრებულო დატოვოს. ამასთან, ისინი აღნიშნულ საკითხზე ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დანიშვნასაც ითხოვენ.
„ჩვენ ვითხოვთ, დამკვიდრდეს მაღალი სტანდარტი და ისეთი ადამიანები, რომლებიც სიძულვილს ტირაჟირებენ, არ იყვნენ საკრებულოში. ქუთაისში სამოქალაქო საზოგადოებას არ სძინავს, ჩვენი მოთხოვნაა, პოლიტიკური ტრიბუნიდან არ ისმოდეს სიძულვილის ტირაჟირება. ჩვენ არ ვებრძვით ერთ ნანა კოსტავას, ვებრძვით ნანა კოსტავებს“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, გიზო ბაძელაძემ.
ქუთაისის საკრებულოს წევრმა, ნანა კოსტავამ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ რამდენიმე დღის წინ სოციალური მედიის მენეჯერის, სალომე ბარკერის ერთ-ერთი ვიდეო გააზიარა წარწერით: „კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!“. სალომე ბარკერის 16 წლის და რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში, ექსკურსიაზე ყოფნისას, მდინარეში ჩავარდა და გარდაიცვალა. სწორედ აღნიშნულ ფაქტს დაემთხვა საკრებულოს წევრის მიერ ვიდეოზე აღნიშნული შინაარსის კომენტარი. მოგვიანებით კოსტავამ „ფეისბუქის“ საშუალებით ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ სალომე ბარკერის დის გარდაცვალების შესახებ არაფერი იცოდა.
ნანა კოსტავამ ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარის თანამდებობა 31 მაისს დატოვა. იმავე დღეს განაცხადა, რომ ორშაბათს საკრებულოდან წასვლაზე განცხადებას დაწერდა. თუმცა, დღეს სატალეფონო კომენტარისას განაცხადა, რომ სავარაუდოდ, საკრებულოს აღარ დატოვებს.