ნანა კაკაბაძე - ნინო ლომჯარია არის „ნაციონალური მოძრაობის“ დანამატი, არ არის იმ როლში, რასაც ავალდებულებს კანონი, მიკერძოებულად, მხოლოდ სააკაშვილთან მიმართებაშია გულმოწყალე
„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე მიიჩნევს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით, ბოლო დროს საქმე გვაქვს ორმაგ სტანდარტთან.
კაკაბაძის თქმით, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია არის მიკერძოებული და „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის დანამატი.
ნანა კაკაბაძის განცხადებით, ნინო ლომჯარია მხოლოდ ბრალდებულ და მსჯავრდებულ სააკაშვილთან მიმართებაშია გულმოწყალე.
„მინდა, ყურადღება გავამახვილო ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით ბოლო დროს გამოვლენილ ორმაგ სტანდარტებზე. ცოტა ხნის წინ წავიკითხე ომბუდსმენის შეფასება, რომ მიხეილ სააკაშვილი არ შეიძლება, გადაყვანილი იყოს გლდანის მერვე დაწესებულებაში. თუმცა, რასაც ობუდსმენი ამბობდა, არ ჰქონია არანაირი ახსნა, არც ლოგიკურად არანაირი ახსნა არ აქვს ამას გარდა იმისა, რომ ის არის მიკერძოებული, ის არის ამ პარტიის დანამატი ქვეყანაში, ის არ არის იმ როლში და იმ ფუნქციაში, რასაც მას ანიჭებს ობუდსმენის შესახებ კანონი, რაც მთავარია, რასაც ავალდებულებს კანონი, რომ იყოს თანაბარი, კანონის შესაბამისი თავის შეფასებებში და თავის ქმედებებში. თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ ის მიკერძოებულად, მხოლოდ ერთ ადამიანთან მიმართებაში, ბრალდებულ და მსჯავრდებულ სააკაშვილთან მიმართებაში არის გულმოწყალე.
ამას მხოლოდ გულმოწყალებაში ვერ ჩავთვლით, ამას ალბათ სხვა, გაცილებით ღრმა ფესვები აქვს, რომელიც შეიძლება, იყოს დაფარული, მაგრამ არაფერია დაფარული და აეხდება ფარდა, რა დგას ამის უკან. ამის უკან დგანან პატიმრები, რომლებიც ისმენენ ომბუდსმენის ამ შეფასებას და ბუნებრივია, მათ აქვთ პროტესტის გრძობა. უკვე არა მარტო იმ პატიმრის მიმართ, რომელიც 9 წლის განმავლობაში ქმნიდა სისტემურ დანაშუალს, ციხეში წამებას და ღირსების შემლახავ მოპყრობას, არამედ დღეს უკვე იმ სახალხო დამცველის მიმართ, რომელიც ასეთი არასამართლიანი, მიკერძოებულია“, – განაცხადა ნანა კაკაბაძემ.
ამასთან, კაკაბაძის განმარტებით, სამწუხაროდ, ლომჯარია მიეკუთვნება იმ გუნდს, რომელმაც წამოიწყო კამპანია, რასაც დაარქვეს ერთი მხრივ, შერიგება, მეორე მხრივ კი, საზოგადოების გაერთიანება.
„ერთიც და მეორე ტერმინიც აბსოლუტურად გაუგებარი და შეუსაბამოა იმ პროცესთან, რასთანაც გვაქვს საქმე. გაჟღერებული შერიგება გაუგებარია, რას გულისხმობს. ჩვენი საზოგადოების ამ ნაწილს ალბათ უნდა ესმოდეს, რომ არავის შერიგებაზე არ შეიძლება იყოს საუბარი, რადგან არავინ არავიზე გაბუტული არ არის დღეს.
ჩვენ გვაქვს მოცემულობა, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი, სულ მცირე 300 ათასი ოჯახი, რომელმაც გამოიარა ჯოჯოხეთი სააკაშვილის რეჟიმის დროს, თხოულობს სამართლიანობის ადგენას და დამნაშავეთა დასჯას. მეორე მხრივ, არსებობს ის გუნდი, რომელმაც ჩაიდინა ქვეყანაში დანაშაულებრივი ქმედება, შექმნა სისტემა ამ 9-წლიანი რეჟიმისა და ბუნებრივია, მას ჰყავს პასუხისმგებელი პირები. არანაირი საზოგადოება დღეს გახლეჩილი არ არის. ერთ მხარეზე დგანან კრიმინალები და მათი გარემოცვა, რომელმაც ჩაიდინეს სისხლიანი დანაშაულებები ამ ქვეყანაში, დაკარგეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი და მეორე მხარეს დგას ქართული სახლმწიფო და ამ სახელმწიფოს მოქალაქეები.
ამასთან შეგუება და შერიგება არ არის დემოკრატიული ღირებულება, დემოკრატიული ფასეულება, ეს არ არის კანონის უზენაესობა. ასეთი რაღაცისკენ მოწოდება არის ხელყოფა ყველა იმ ღირებულებისა, რაზეც უნდა იდგეს თავისუფალი, დემოკრატიული საზოგადოება. ასეთი მოწოდებები ჩვენ მიგვაქანებს არა დასავლეთისკენ, არამედ რუსული პოლიტიკისკენ, რომელიც მოკლებულია ყველანაირ დემოკრატიულ ღირებულებებს“, – აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.
სახალხო დამცველთან არსებული მედიკოსთა ჯგუფი მიიჩნევს, რომ პოსტტრავმული სტრესული აშლილობის გამო, მიხეილ სააკაშვილი გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ უნდა გადაიყვანონ.