ნანა ჯანელიძის ახალი მხატვრული ფილმის „იარე, ლიზა“ პრემიერა დღეს გაიმართება
რეჟისორ ნანა ჯანელიძის ახალი მხატვრული ფილმის – „იარე, ლიზა“ პრემიერა დღეს კინოთეატრ „ამირანში“ გაიმართება.
ფილმის მთავარი გმირი ჟურნალისტი ქალია, რომელიც 25 წლის წინ რეპორტიორად მუშაობდა აფხაზეთის ომში. ამჟამად ის ცნობილი ტელეწამყვანია, რომელიც პირდაპირ ეთერში იღებს ზარს აფხაზი მეომრისგან. ეს ზარი მისთვის გარდამტეხი აღმოჩნდება, რის შემდეგ ლიზა იწყებს გრძელ გზას, რათა მნიშვნელოვანი სათქმელი მიიტანოს აფხაზ მეომრამდე. სცენარს საფუძვლად უდევს მისი თანაავტორის – ლია ტოკლიკიშვილის გამოცდილება, რომელიც აფხაზეთის ომის დროს თავად იყო ომის რეპორტიორი.
ფილმში გამოყენებულია ქართულ-აფხაზური ომის მონაწილეების და მოწმეების, ქართველი და აფხაზი მწერლების, სასულიერო პირების მონათხრობები და დღიურები. ომის სურათები ფილმში 2-D ანიმაციითაა გაცოცხლებული.
„დიდი გზა გავიარეთ, სანამ სცენარის ფორმა, სათქმელი და ჟანრი ჩამოყალიბდებოდა. ეს არის ახალგაზრდა რეპორტიორი ქალის ისტორია, რომელმაც ომი გამოიარა და იგი უმძიმეს ტრავმად გაჰყვა მის ცხოვრებას“,- აღნიშნავს ნანა ჯანელიძე.
ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ეკატერინე ტოგონიძე და ნინა ერაძე. ასევე მონაწილეობენ ნატო მურვანიძე, ვახო ჩაჩანიძე, ალეკო ბეგალიშვილი, ანი ჩირაძე, ილო ბეროშვილი და ლუკა თარხან-მოურავი. ფილმში თავისი ბოლო როლი შეასრულა მსახიობმა მიშა გომიაშვილმა. ფილმის ოპერატორია გიორგი შველიძე, დამდგმელი მხატვარი გოგი მიქელაძე, კომპოზიტორი მიკა მდინარაძე. ანიმაციის სუპერვაიზერი იყო მარიამ კანდელაკი.
ფილმზე ქართველი და უკრაინელი ანიმატორები მუშაობდნენ. „იარე, ლიზა“ საქართველოსა და ბულგარეთის კოპროდუქციაა. ფილმი გადაღებულია ეროვნული კინოცენტრის და კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.
2023 წლის მაისში ნანა ჯანელიძის ახალი ფილმის ჩვენება გაიმართა კანის 76-ე საერთაშორისო ფესტივალის კინობაზრობაზე. 22-27 სექტემბერს, კინოთეატრ „ამირანში“ ფილმის, „იარე, ლიზა“ ჩვენებების დასრულების შემდეგ მაყურებლებს საშუალება ექნებათ, დაესწრონ და მონაწილეობა მიიღონ ფილმის ავტორებსა და შემოქმედებით ჯგუფთან დისკუსიაში, რომელსაც მოდერატორები გაუძღვებიან.