„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პრემიერ-მინისტრთან სასაუბროდ მზად არიან
რიონის ხეობაში, სოფელ გუმათთან სამართალდამცველებს გზა ისევ რკინის ჯებირებით აქვთ გადაკეტილი. პარალელურად გზა აქვთ ჩაკეტილი აქციის მონაწილეებს.
რიონის ხეობის მცველები აცხადებენ, რომ სამშენებლო კომპანიის ტექნიკას არ მისცემენ გადაადგილების საშუალებას. აქციის მონაწილეების მოთხოვნები კი უცვლელია. შეკრებილები ამბობენ, რომ დღესაც შეეცდებიან, ნამახვანისკენ გადაადგილებას.
აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ მშენებელმა კომპანიამ რიონის ხეობა, ეკონომიკის მინისტრმა კი თანამდებობა დატოვოს.
„ვაგრძელებთ მშვიდობიან პროტესტს და დღესაც შევეცდებით ნამახვანისკენ გადაადგილებას. მივალთ ჯებირებთან და ხელებაწეული მოვუწოდებთ სამართალდამცველებს, მოგვცენ გადაადგილების უფლება. უკანონოდ არის გზა გადაკეტილი და ჩვენ როგორც გუშინ, დღესაც შევეცდებით, მშვიდობიანად მოვითხოვოთ ნამახვანისკენ გადაადგილება. ჩვენი მოთხოვნები უცვლელია. რაც შეეხება ნათია თურნავას განცხადებას, მასთან დიალოგი ამოწურულია იმ შეურაცხმყოფელი განცხადებების ფონზე, რაც მან გააკეთა. თუკი პრემიერი დაინტერესდება და ჩამოვა, ჩვენ მზად ვართ, მასთან ვისაუბროთ“, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ვარლამ გოლეთიანი.