„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პირობების შესრულებასთან დაკავშირებით ხელისუფლებისგან პასუხს ელოდებიან
„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პირობების შესრულებასთან დაკავშირებით ხელისუფლებისგან პასუხს ელოდებიან

„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მათი მოთხოვნების შესრულებაზე პასუხი ჯერ კიდევ არ მიუღიათ. მათი თქმით, ამისთვის გონივრული ვადა ამოიწურა.

ამასთან, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ვარლამ გოლეთიანის ინფორმაციით, დღეს, 14:00 საათზე განცხადებას გააკეთებენ.

„ჩვენ ველოდებით პასუხს. ყველანაირი გონივრული ვადა ამოიწურა ფიქრისთვის. კიდევ ერთხელ დავუკავშირდებით ხელისუფლების წარმომადგენლებს და ამის შემდეგ, 14:00 საათზე გავაკეთებთ განცხადებას. როგორც ჩანს, ხელისუფლება აპირებს, კოვიდის ფაქტორიც ეფექტურად გამოიყენოს ამ პროტესტის ჩასახშობად და ჩვენ მას ამის საშუალებას არ მივცემთ”, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

შეგახსენებთ, „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქცია 178-ე დღეა, მიმდინარეობს.