„ნამახვანჰესის“ მშენებლობის საკითხზე ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მედიაციით შეხვედრა იმართება
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის საკითხზე ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მედიაციით შეხვედრა იმართება

საქართველოს მთავრობის მიერ მოწვეული ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტის ცენტრის მედიაციით „ნამახვანიჰესის“ პროექტთან დაკავშირებით პირველი შეხვედრა იმართება.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილმა აღნიშნა, მედიაციას აწარმოებს ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანება და მხარეები საქართველოს მთავრობა და „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები არიან.

მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის ჩართულობის შედეგად, შესაძლებელი იქნება იმ მთავარი საკითხების გამოვლენა, რომელიც აწუხებს საზოგადოებას.

„მედიაციას აწარმოებს ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანება. მხარეები ამ ეტაპზე არიან საქართველოს მთავრობა და ის ხალხი, რომლებიც აპროტესტებენ და გააჩნიათ გარკვეული კითხვები ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით. ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი და საინტერესო პროცესი. ჩვენ, მთავრობა დაინტერესებული ვართ და ყოველთვის ვუსვამდით ამას ხაზს, რომ გადავიდეთ დიალოგის პროცესში, რომ იმ საკითხების განხილვა, რომლებიც დაკავშირებულია მშენებლობასთან, ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან გადმოვიდეს.

ვთვლით, რომ ევროკავშირის ჩართულობის შედეგად, შესაძლებელი იქნება იმ მთავარი საკითხების გამოვლენა, იდენტიფიკაცია, რომელიც აწუხებს საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეულ ჯგუფებს. ჩვენ მზად ვართ, რომ ეს საკითხები განვიხილოთ დეტალურად, მივიღოთ გადაწყვეტილებები, გამოვნახოთ გამოსავალი და ისე აშენდეს ეს პროექტი, რომ მისაღები იყოს საქართველოს მოსახლეობისა და სახელმწიფოსთვის“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, „ნამახვანჰესი“ აუცილებლად უნდა აშენდეს, რადგან ეს არის ის ენერგეტიკული ობიექტი, რომელიც იქნება საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის ერთ-ერთი დასაყრდენი.

„ჰესი უნდა აშენდეს, ოღონდ უნდა აშენდეს ისე, რომ გამოირიცხოს ყველანაირი კითხვა მის უსაფრთხოებასთან და გარემოზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვართ, რომ ეს ასეა, მაგრამ ჩვენ გვინდა, ამის დემონსტრირება მოვახდინოთ ყველა დაინტერესებული მხარისთვის. რაც შეეხება ხელშეკრულებას, ხელშეკრულების იმ ნაწილში, სადაც საუბარია მიწის გადაცემის საკითხზე, მიმდინარეობს კომპანია „ენკასთან“ მოლაპარაკებები, რომ შემცირდეს ეს 99 წელი. ამ ეტაპზე ვერ გეტყვით და ვერ დაგიდასტურებთ, სადამდე იქნება შემცირებული, მაგრამ მიდის პოზიტიური პროცესი და უნდა დაველოდოთ ამ პროცესის შედეგებს. კონსტრუქციულად ვართ განწყობილი, რომ ყველა საკითხი გავიაროთ მოლაპარაკების მაგიდასთან. ჩემი აზრით, ეს ფორმატი მოგვცემს საშუალებას, შევათანხმოთ პოზიციები“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.