„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციას ზუგდიდშიც შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეებმა ჯერ მანქანებით მსვლელობა მოაწყვეს ზუგდიდის ცენტრში, შემდეგ კი ცენტრალურ მოედანზე აქცია გამართეს ლოზუნგებით – „არა ნამახვანჰესს“, „ქართული მიწა არ იყიდება“. აქციის ორგანიზატორი მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ ლიდერი თენგიზ ჯგუშია იყო.
„ზუგდიდი ქართული მიწების გაყიდვის წინააღმდეგ იბრძოლებს“, – განაცხადა მან.
აქციის მონაწილეები სამანქანო გზაზე გავიდნენ და მძღოლებს მიმართეს, რომ მხარი დაუჭირონ „რიონის ხეობის მცველებს“. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.