„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა გუმათჰესის დასახლებაში ავტომობილებით გზა გადაკეტეს და დაშლილი კარვების სხვა ადგილზე გადატანას ითხოვენ
გუმათჰესის დასახლებაში „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა საკუთარი ავტომობილებით გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მცირე დაპირისპირებაც მოხდა.
„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ გზას იმ შემთხვევაში გახსნიან, თუ მათ სოფელ ნამახვანში წასვლის საშუალებას მისცემენ, რათა საკუთარი ნივთები აიღონ და კარვები სხვა ლოკაციაზე გადაიტანონ. პარალელურად, სამართალდამცველები კარვებს იღებენ სოფელ ნამახვანში.
შეგახსენებთ, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ სოფელ ნამახვანის მიმდებარედ მოსალოდნელია რიონის წყლის დონის განსაკუთრებული მატება და საფრთხის თავიდან აცილების, აქციის მონაწილეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით მიიღეს გადაწყვეტილება კარვების გატანისა და ადგილზე მყოფი მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანის შესახებ.