ნახევარფინალისტების ვინაობა გარკვეულია - ავსტრალიამ ჩეხეთი დაამარცხა | ჩინეთი 2019
ჩინეთში მიმდინარე კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო მეოთხედფინალში ავსტრალიამ ჩეხეთი, ანგარიშით 82:70 დაამარცხა და ნახევარფინალურ ეტაპზე ესპანეთს დაუპირისპირდება.
მატჩის პირველი ნახევარი მეტ-ნაკლებად თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, თუმცა ავსტრალიელებმა მეტოქე მესამე მეოთხედში გატეხეს, რომელიც თორმეტქულიანი უპირატესობით (30:18) მოიგეს. ევროპელებმა ბოლო მეოთხედის სტარტზე ჩამორჩენის შემცირება სცადეს და პერიოდის მოგებაც მოახერხეს (22:19), მაგრამ ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
ავსტრალიელთა შემადგენლობაში გამორჩეული პატი მილსი იყო, რომელიც საკუთარ გუნდს 24 ქულა, ოთხი მოხსნა და ექვსი შედეგიანი გადაცემით დაეხმარა. კარგად ითამაშა კრის გულდინგმაც, რომლის ანგარიშზე 14 ქულა, ორი მოხსნა და სამი გადაცემა იყო.
მსოფლიო თასის ნახევარფინალში ავსტრალია ესპანეთს დაუპირისპირდება. მატჩი 13 სექტემბერს, თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება. მეორე ნახევარფინალური მატჩი ამავე დღეს, 16:00 საათზეა ჩანიშნული და მასში ფინალის საგზურისთვის არგენტინა და საფრანგეთი იბრძოლებენ. შეხვედრების პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.