მორიგი სენსაცია მსოფლიო თასზე - აშშ ასპარეზობას საფრანგეთმა გამოთიშა | ჩინეთი 2019
ჩინეთში მიმდინარე მსოფლიო თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე საფრანგეთმა მორიგი სენსაცია შემოგვთავაზა, აშშ ანგარიშით 89:79 დაამარცხა და ტურნირს გამოთიშა.
რუდი გობერს (21 ქულა, 16 მოხსნა) და ევან ფურიეს (22 ქულა) მხარი ნანდე დე კოლომ აუბა (18 ქულა) – სწორედ ამ სამმა კალათბურთელმა შეიტანა მეტოქის დამარცხებაში ყველაზე დიდი წვლილი. აშშ-ის შემადგენლობაში საუკეთესო დონოვან მიჩელი იყო, რომელიც გუნდს 29 ქულით, ექვსი მოხსნით და ოთხი შედეგიანი გადაცემით დაეხმარა, მაგრამ მისი გარჯა ამერიკელებს გამარჯვებისთვის არ ეყოთ.
ნახევარფინალში საფრანგეთის ნაკრები ავსტრალიას დაუპირისპირდება. მატჩი 13 სექტემბერს, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება და მას მირდაპირ ეთერში საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.