ახალი კვლევა ცხადყოფს, რომ მესოპოტამიელები საომარი ურმების საზიდად შინაური და გარეული ვირების ნაჯვარებს ჯერ კიდევ 4500 წლის წინ იყენებდნენ, ამ მიზნით ცხენების გამოყვანამდე სულ მცირე 500 წლით ადრე.
ჩრდილოეთ სირიაში აღმოჩენილი უძველესი ძვლების ანალიზი პასუხს სცემს დიდი ხნის კითხვას — ცხოველის რომელ ტიპს მიეკუთვნებოდნენ „კუნგები“, რომლებსაც უძველეს წყაროებში საომარი ურმების გამწევებად აღწერდნენ.
„ჩონჩხებიდან ვიცოდით, რომ ისინი ცხენის მსგავსი ცხოველები იყვნენ, მაგრამ არ ემთხვეოდნენ არც ვირის და არც სირიული გარეული ვირის ზომებს. შესაბამისად, ისინი გარკვეულწილად განსხვავებული იყვნენ, მაგრამ უცნობი იყო, რაში მდგომარეობდა ეს განსხვავება“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, პარიზის ჟაკ მონოდის ინსტიტუტის გენომიკოსი ევა-მარია გეიგლი.
თუმცა, ახალი კვლევა აჩვენებს, რომ კუნგები მდედრი შინაური ვირისა და მამრი სირიული გარეული ვირის უნაყოფო ჰიბრიდები იყვნენ.
უძველესი ჩანაწერები კუნგებს უაღრესად დაფასებულ, ძალიან ძვირ ცხოველებად იხსენიებს, რაც გეიგლის თქმით, შეიძლება მათი გამოყვანის პროცესის სირთულით აიხსნას.
ვინაიდან ყოველი კუნგა უნაყოფო იყო, როგორც სხვა ჰიბრიდები, მაგალითად, ჯორები, მის გამოსაყვანად მდედრი შინაური ვირი უნდა შეეჯვარებინათ მამრ გარეულ ვირთან, რომელიც უნდა დაეჭირათ.
ეს ამოცანა განსაკუთრებით რთული იყო, რადგან ველური ვირები შინაურებზე სწრაფად დარბიან, კუნგებზე სწრაფადაც კი და მათი მოთვინიერება შეუძლებელი იყო.
„ეს ნაჯვარები მათ თითქოს ბიოინჟინერიით გამოჰყავდათ. ისინი ჩვენთვის ცნობილი უძველესი ჰიბრიდებია და მათ ეს თითოეული კუნგას გამოყვანისას უნდა გაეკეთებინათ. ამით აიხსნება მათი სიძვირე და ფასეულობაც“, — ამბობს გეიგლი.
საომარი ვირები
კუნგები რამდენიმე უძველეს მესოპოტამიურ ლურსმულ ტექსტშია მოხსენიებული; ოთხთვლიან ურემში შებმულები არიან გამოსახული დაახლოებით 4500 წლის წინანდელ შუმერულ მოზაიკაზეც.
არქეოლოგები ეჭვობდნენ, რომ ისინი გარკვეული სახის ნაჯვარი ვირები იყვნენ, მაგრამ არ იცოდნენ ის ცხენის მსგავსი ცხოველი, რომლისგანაც ისინი გამოჰყავდათ.
ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობდა, რომ სირიული გარეული ვირები ზედმეტად პატარები იყვნენ, ვირებზე უფრო პატარები, რათა კუნგების გამოსაყვანად შეეჯვარებინათ. მათი სიმაღლე დაახლოებით ერთ მეტრს აღწევდა.
ეს სახეობა ამჟამად გადაშენებულია, მსოფლიოში უკანასკნელი სირიული გარეული ვირი 1927 წელს, მსოფლიოს უძველეს ზოოპარკში, ვენის შენბრუნის ზოოპარკში მოკვდა. მისი ნაშთები ამჟამად ქალაქის ბუნების ისტორიის მუზეუმში ინახება.
ახალ კვლევაში, მეცნიერებმა ერთმანეთს შეადარეს ვენაში დაცული უკანასკნელი გარეული სირიული ვირის ნაშთების გენომი და 11 000 წლის წინანდელი გარეული ვირის ძვლების გენომი, რომელიც ამჟამინდელი თურქეთის ტეროტორიაზე, არქეოლოგიურ ძეგლ გიობექლი-თეფეზე აღმოაჩინეს.
შედარებამ აჩვენა, რომ ორივე ცხოველი ერთ სახეობას ეკუთვნოდა, მაგრამ უძველესი გარეული ვირი გაცილებით დიდი ყოფილა.
ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ სირიული გარეული ვირის სახეობა ბოლო ხანებში დაპატარავდა, სავარაუდოდ, გარემოს მხრიდან მომდინარე სტრესის გამო.
ძველი მესოპოტამია
ისტორიკოსთა აზრით, კუნგების გამოყვანა პირველად შუმერებმა დაიწყეს, დაახლოებით ძვ. წ. 2500 წლისთვის, სულ მცირე 500 წლით ადრე, ვიდრე პირველ მოშინაურებულ ცხენებს შემოიყვანდნენ კავკასიონის მთების ჩრდილოეთით მდებარე სტეპებიდან.
როგორც უძველესი ჩანაწერები აჩვენებს, შუმერების შემდეგმა სახელმწიფოებმა, მაგალითად, ასურელებმა, კუნგების გამოყვანა და გაყიდვა საუკუნეების განმავლობაში გააგრძელეს. ასურეთის დედაქალაქ ნინევიაში დამზადებულ ქვის ფილაზე, რომელიც ამჟამად ბრიტანეთის მუზეუმში ინახება, გამოსახულია ორი კაცი, რომლებსაც მათ მიერ დაჭერილი ველური ვირი მიჰყავთ.
ერთ-ერთ უახლეს კვლევაში შეისწავლეს კუნგას ძვლები, რომლებიც ჩრდილოეთ სირიაში, სამეფო სამარხ კომპლექს თელ-უმ-ელ-მარაზე აღმოაჩინეს; სამარხი ძვ. წ. 3000-2000 წლებით თარიღდება. მიჩნეულია, რომ ეს ძეგლი წარმოადგენს უძველეს ქალაქ ტუბას ნანგრევებს, რომელსაც ეგვიპტურ წარწერებშიც იხსენიებენ.
კვლევის თანაავტორმა, პენსილვანიის უნივერსიტეტის არქეოლოგმა ჯილ ვებერმა ძვლები დაახლოებით 10 წლის წინ აღმოაჩინა. ვებერი ვარაუდობს, რომ თელ-უმ-ელ-მარაზე აღმოჩენილი ცხოველის ნაშთები კუნგებს ეკუთვნის, რადგან მათ კბილებს ლაგამის კვალი აღენიშნება; არის მიზანმიმართული კვების ნიშნებიც, ჩვეულებრივი ვირების ბალახობისგან განსხვავებული.
კუნგები შეიძლება ცხენებზე სწრაფად დარბოდნენ და ამიტომ, მკვლევრები ეჭვობენ, რომ საომარ ურმებში მათი გამოყენება მესოპოტამიაში მოშინაურებული ცხენების შეყვანის შემდეგაც უნდა გაგრძელებულიყო.
თუმცა, ვირებისგან კუნგების გამოყვანა თანდათან შეწყვიტეს, სავარაუდოდ იმიტომ, რომ გაცილებით ადვილი იყო შინაური ცხენების გამრავლება.
კვლევა Science Advances-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია Live Science-ის მიხედვით.