ნაიჯელ ფარაჯი - უკრაინაში რუსეთის შეჭრის „პროვოცირება“ დასავლეთმა ევროკავშირისა და ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებით მოახდინა
დასავლეთმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის „პროვოცირება“ მოახდინა ევროკავშირისა და ნატო-ს სამხედრო ალიანსის აღმოსავლეთის მიმართულებით გაფართოებით, – ამის შესახებ ბრიტანეთის ევროსკეპტიკური „რეფორმის“ პარტიის ლიდერმა, ნაიჯელ ფარაჯმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ფარაჯის თქმით, 1990-იანი წლებიდან ამტკიცებს, რომ ნატო-ევროკავშირის სამხედრო ალიანსის მუდმივი გაფართოება აღმოსავლეთისკენ აძლევს პუტინს მიზეზს, უთხრას თავის რუს ხალხს, რომ დასავლეთი კვლავ მივა მათთან და დაიწყებს ომს.
„ჩვენ ამ ომის პროვოცირება მოვახდინეთ, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს პუტინის ბრალია. მე ერთადერთი პოლიტიკოსი ვარ ბრიტანეთის პოლიტიკაში, რომელმაც იწინასწარმეტყველა, რაც მოხდებოდა“, – განაცხადა ნაიჯელ ფარაჯმა.
ბრიტანელი პოლიტიკოსის მტკიცებით, ევროპარლამენტში 2014 წელს განაცხადა, რომ უკრაინაში ომი იქნებოდა. ნაიჯელ ფარაჯის განცხადებას კრიტიკა მოჰყვა ბრიტანეთსა და მის ფარგლებს გარეთ. ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ თქვა, რომ ნაიჯელ ფარაჯი იმეორებს პუტინის „სამარცხვინო გამართლებას“ ომთან დაკავშირებით. ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ლორდ რობერტსონმა ნაიჯელ ფარაჯი „კრემლის ხაზის გამეორებასა“ და „სასტიკი, არაპროვოცირებული თავდასხმისთვის ახალი საბაბების მოპოვებაში“ დაადანაშაულა.