ნაფტალი ბენეტის განცხადებით, ისრაელი შეინარჩუნებს მოქმედების თავისუფლებას, დაუპირისპირდეს ირანულ საფრთხეს მაშინაც კი, თუ ირანის ბირთვულ პროგრამაზე ერთობლივი სამოქმედო გეგმა განახლდება
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ნაფტალი ბენეტის განცხადებით, ისრაელი შეინარჩუნებს მოქმედების თავისუფლებას, დაუპირისპირდეს ირანულ საფრთხეს მაშინაც კი, თუ ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ ერთობლივი სამოქმედო გეგმა (JCPOA) განახლდება. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
მისი თქმით, მოლაპარაკებებში ისრაელის მხარე არ მონაწილეობს და შესაბამისად არ ეკისრება ვალდებულებები.
ნაფტალი ბენეტის განცხადებით, საკითხთან დაკავშირებით შესაძლოა, უთანხმოება მოხდეს პარტნიორებთან და მეგობრებთან, თუმცა ისრაელმა აღარ უნდა გაიმერეოს 2015 წელს დაშვებული შეცდომა, როდესაც ირანის ბირთვულ შეთანხმებას მოეწერა ხელი.
პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელმა ნებისმიერ სიტუაციაში და ნებისმიერ პოლიტიკურ ვითრებაში უნდა შეინარჩუნოს მოქმედების თავისუფლება და მოქმედების უნარი, აქცენტი უნდა გააკეთოს ირანის ისლამური რესპუბლიკის დამარცხებაზე და არა ირანის მიერ მართვად ტერორისტულ დაჯგუფებებზე ლიბანში.
ნაფტალი ბენეტის განცხადებით, ირანმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია საკუთარი ბირთვული პროგრამის განვითარების სფეროში და მის წინააღმდეგ ისრაელმა უნდა გამოიყენოს თავისი უპირატესობები, კერძოდ, ეკონომიკა, უპირატესობა კიბერსფეროში, დიპლომატია და საერთაშორისო ლეგიტიმაცია.
ირანის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები ქალაქ ვენაში 29 ნოემბერს განახლდება. მოლაპარაკებების ფარგლებში, შეთანხმებაში აშშ-ის დაბრუნების და ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის საკითხის განხილვაა დაგეგმილი.