ნაძალადევის რაიონში წყლის მაგისტრალური მილის დაზიანების აღმოფხვრა 22:00 საათისთვის იგეგმება
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილე ზურაბ ალფაიძე აცხადებს, რომ ნაძალადევის რაიონში მაგისტრალური მილის დაზიანების აღმოფხვრა დაახლოებით 22:00 საათისთვის იგეგმება.
„დილით ნაძალადევის რაიონში, გულრიფშის ქუჩაზე დაზიანდა „ჯივიპის“ კუთვნილი 900-მილიმეტრიანი მილსადენი. დაუყოვნებლივ მივიღეთ საჭირო ზომები, დაიკეტა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, რათა შეწყვეტილიყო წყლის დენა. ამ მომენტისთვის, წყლის დინება შემცირებულია. ჩვენი ტექნიკური ჯგუფები იმყოფებიან ადგილზე, მალე დაიწყება სამუშაოები. პირველადი მონაცემებით, 22:00 საათამდე დაგვჭირდება დრო, რათა სრულად მოხდეს დაზიანების აღმოფხვრა. რაც შეეხება წყალმომარაგების წყვეტას, ამ მომენტისთვის წყლის მიწოდება შეწყვეტილი აქვს გულრიფშის, ჩარგლისა და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას. მას შემდეგ, რაც ზუსტად გვეცოდინება დაზიანების მიზეზი და აღმოჩენილი იქნება დაზიანების ადგილი, აღდგენის დრო დაკორექტირდება“, – აცხადებს ზურაბ ალფაიძემ.
მისივე თქმით, რაც შეეხება მოსახლეობისთვის მიყენებულ ზიანს, თითოეული შემთხვევა დეტალურად იქნება შესწავლილი.
„აღვწერთ მდგომარეობას და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ზურაბ ალფაიძემ.
ნაძალადევის რაიონში მაგისტრალური მილის დაზიანების შედეგად ქუჩები დაიტბორა.