ნაძალადევის რაიონში მე-11 სკოლის მშენებლობის მოთხოვნით მშობლებმა და მოსწავლეებმა აქცია გამართეს
ნაძალადევის რაიონში მე-11 სკოლის მშენებლობის მოთხოვნით მშობლებმა და მოსწავლეებმა აქცია გამართეს და გზა გადაკეტეს. მათი თქმით, სკოლა, რამდენიმე წელია, დანგრეულია, რის გამოც მოსწავლეებს სხვა რაიონში უწევთ სიარული.
„იძულებული გავხდით, გზა გადაგვეკეტა, თუმცა უშედეგოდ. რა ფორმას უნდა მივმართოთ, რომ ყურადღება მოგვაქციონ? მთელ ნაძალადევში სკოლა აღარ არსებობს. ყველა სკოლა დანგრეულია, ვადები იწელება. ჯერ მარტში უნდა დაწყებულიყო მშენებლობა, შემდეგ – 21 სექტემბერსო, ახლა – 15 ოქტომბერს. ანუ, დირექტორს ჰქონდა ინფორმაცია, გვეუბნებოდა, ოქტომბრის შუა რიცხვებში დაიწყებაო, მაგრამ არ დაიწყო, ამიტომ გამოვედით“, – განაცხადა ერთ-ერთმა მშობელმა.
ადგილზე პროტესტის მონაწილეებს განათლების სამინისტროს წარმომადგენლები რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად შეხვდნენ. მათ განმარტეს, რომ მე-11 სკოლის მშენებლობა ნოემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყება და 2025 წლის სექტემბერში უკვე დასრულებული იქნება.
„კომუნიკაცია გვქონდა აქციის მონაწილეებთან. სამწუხაროდ, ობიექტური მიზეზების გამო, გარკვეული პერიოდის განმავლობაში სკოლის მშენებლობა გაიწელა, თუმცა ვიცით მშენებლობის დაწყების კონკრეტული რიცხვი. მე-11 სკოლის მშენებლობა ნოემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყება და 2025 წლის სექტემბერში სკოლა იქნება დასრულებული, დაირეკება ზარი და დაიწყება სასწავლო პროცესი“, – განაცხადა ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ირაკლი ხელაძემ.