დედაქალაქის მერი კახა კალაძე დღეს, 12:00 საათზე, ნაძალადევის რაიონში ახალ სპორტულ ცენტრს გახსნის.
თბილისის მერიის ინფორმაციით, 3247 კვადრატულ მეტრზე განთავსებული ცენტრი სრული დატვირთვის შემთხვევაში 1000-ზე მეტ მომხმარებელს მოემსახურება.
ნაძალადევის სპორტული კომპლექსი მოიცავს: ჭიდაობის დარბაზს; კრივის რინგს; 2 საცურაო აუზს (დიდი – 25 მ. პატარა – 15 მ); ფიტნეს-დარბაზს; გასახდელებს და სველ წერტილებს; კაფეს; სპორტულ მაღაზიას.
ცენტრში იფუნქციონირებს ცურვის, წყალბურთის, ჭიდაობის, კრივის, მხატვრული ტანვარჯიშის, აღმოსავლური ორთაბრძოლისა და ფიტნესის სექციები.
სპორტული კომპლექსების მშენებლობის პროგრამა მიზნად ისახავს სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და სპორტულ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართვას.