ნაძალადევის რაიონში გარდაცვლილი ოთხი წლის გოგონას დედას ბრალი ოფიციალურად წარედგინა
ნაძალადევის რაიონში გარდაცვლილი ოთხი წლის გოგონას დედას ბრალი ოფიციალურად წარედგინა. საგამოძიებო უწყება გარდაცვლილი არასრულწლოვნის დედას ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერის დარღვევას ედავება.
დაკავებულის ადვოკატი, ნინო ტაბატაძე ამბობს, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.
„გამოძიება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფსოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერის დარღვევას ედავება. ეს არის 11 პრიმა, 381 პრიმა მუხლის პირველი ნაწილი. ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულია.
ბრალს არ აღიარებს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, თავს არ ცნობს დამნაშავედ. რამდენად სწორად იყო გამოწერილი ის შემაკავებელი ორდერი, ეს გასარკვევია. თუმცა იმ ეტაპზე მან არ იცოდა, როგორ უნდა დაეცვა და გაესაჩივრებინა აღნიშნული შემაკავებელი ორდერი და გაუშვა გასაჩივრების ვადები.
აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს. აქედან გამომდინარე, შემდგომში მოხდება ჩემს მიერ მტკიცებულებების მოპოვება. აუცილებლად ვიმუშავებ იმ კუთხით, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს“,- განაცხადა ადვოკატმა.
2014 წელს დაბადებული გოგონას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიების ფარგლებში დაკავებულია არასრულწლოვნის დედა.
აღნიშნულ შემთხვევამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროში გარდაცვლილი ბავშვის მიმართ ოჯახში შესაძლო ძალადობის ფაქტებზე შეტყობინება 6 იანვარს შევიდა. დედის მიმართ პოლიციის მიერ გამოიწერა შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვითაც, მას ეკრძალებოდა არასრულწლოვანთან კონტაქტი.
22 იანვარს მომხდარი ფაქტის შემდეგ ლ.ქ. ორდერის დარღვევისთვის პოლიციამ სისხლის სამართლის წესით დააკავა.