მსოფლიოს მეორე ჩოგანმა, ესპანელმა რაფაელ ნადალმა ამ კვირას აკაპულკოს ტურნირში გამოსვლაზე უარი თქვა. ნადალის უთამაშებლობის მიზეზი ბარძაყის ტრავმაა. ამ დაზიანების გამო, ესპანელმა ვერ დაასრულა ავსტრალიის ღიას მეოთხედფინალის მეხუთე სეტი ხორვატი მარინ ჩილიჩის წინააღმდეგ.
აკაპულკოში ნადალის ადგილს ძირითად ბადეში იაპონელი ტარო დანიელი დაიკავებს.
„რა თქმა უნდა, განაწყენებული ვარ. ტურნირის წინ, ვარჯიშისას ვიგრძენი, რომ რაღაც წესრიგში არ იყო. სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ ჯერ ისევ მჭირდება აღდგენითი ტესტები. გავაგრძელებ მუშაობას იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე დავუბრუნდე ტურნირებს“, – ამბობს ნადალი.
რაფაელ ნადალს აკაპულკოს ტურნირი ორჯერ აქვს მოგებული, აგერთვე, მოქმედი ფინალისტია.