„ნაციონალურმა მოძრაობამ“ უკრაინაში მებრძოლ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით პარლამენტში ორი საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ უკრაინაში მებრძოლ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით პარლამენტში ორი საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს პარლამენტში ორი საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა.

ოპოზიციური პარტია უკრაინის ომში მონაწილე ქართველი მებრძოლებისთვის იმავე სტატუსის მინიჭებას ითხოვს, რაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლებსა და სამშვიდობო მისიებში მონაწილე პირებს აქვთ. „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი ინიციატივა უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებისთვის იმავე სოციალური დახმარების პაკეტის დანიშვნას ითვალისწინებს, რომელსაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ოჯახები იღებენ.

ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ, რომ ქართველი მებრძოლები უკრაინაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და თავისუფლებისთვისაც იბრძვიან და ამიტომ ეს საკანონმდებლო წინადადება მმართველი გუნდისთვის იქნება ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდი, დაუჭერს მხარს, თუ იხელმძღვანელებს ვიწროპარტიული ინტერესებით.

„ცხრა ქართველი გმირი შეეწირა უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლას. ამ ადამიანებმა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლა არის საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლა და თუ ვინმესთან დღეს ვალში არის საქართველოს სახელმწიფო, არის სწორედ ამ თავდადებულ ადამიანებთან, რაზეც დგას დღეს ქართული სახელმწიფო. სწორედ ამიტომ, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღეს წარმოადგენს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებების შეტანას საქართველოს კანონში ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის დაღუპული, უგზოუკვლოდ დაკარგული, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ. ამ ცვლილების მიხედვით, უკრაინაში დაღუპული მებრძოლების ოჯახებმა უნდა ისარგებლონ იმავე სოციალური დაცვის პაკეტით, რომლითაც სარგებლობენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლის ოჯახები, რაც გულისხმობს ერთჯერად დახმარებას 100 000 ლარის ოდენობით და კანონით გათვალისწინებულ სხვა სოციალურ შეღავათებს. ასევე, მეორე საკანონმდებლო ინიციატივა, რომელზეც ვმუშაობთ, ეხება იმ ქართველ მებრძოლებს, რომლებიც იბრძვიან წინა ხაზზე უკრაინაში და უკრაინასთან ერთად დღეს იცავენ საქართველოს თავისუფლებასაც. ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, ამ მებრძოლებს უნდა ჰქონდეთ იგივე სტატუსი, ომის ვეტერანის სტატუსი რაც აქვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლებს და ასევე, სამშვიდობო მისიებში მონაწილე პირებს. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ საკანონმდებლო ინიციატივას ექნება მხარდაჭერა“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ.