„ნაციონალურმა მოძრაობამ“ სექტემბერში თითქმის 340 ათასი ლარის ფულადი შემოწირულობა მიიღო
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 3-10 სექტემბრის პერიოდში თითქმის 340 ათასი ლარის ფულადი შემოწირულობა მიიღო. ასეთია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემები.
პარტიის უმსხვილეს შემომწირველებს შორის არიან დავით კირკიტაძე – 60 ათასი ლარი, ირაკლი კირკიტაძე – 60 ათასი ლარი, ნიკანორ მელია – 30 ათასი ლარი, ნიკოლოზ ვაჩეიშვილი – 15 ათასი ლარი, ირაკლი ნადირაძე – 12 ათასი ლარი, ლევან ხაბეიშვილი – 12 ათასი ლარი, პეტრე ცისკარიშვილი – 10 ათასი ლარი, დავით ლაგვილავა – 10 ათასი ლარი, გიორგი ბოტკოველი – 10 ათასი ლარი, მარინა დათუკიშვილი – 9 900 ლარი და მამუკა დანელია – 9 900 ლარი.
აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, სექტემბრის პირველ დღეებში შემოწირულობა სულ ექვსმა პოლიტიკურმა პარტიამ მიიღო. „ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ, მეორე ადგილზეა პარტია „ევროპული საქართველო“ 10 997 ლარით.
„თავისუფალი დემოკრატების“ შემომწირველებს შორის პრეზიდენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილია – 1 500 ლარი. გარდა ამისა, პარტიას მიღებული აქვს 300 ლარის ფულადი და 3 900 ლარის არაფულადი შემოწირულობა.
„გირჩმა“ სექტემბერში 4 600 ლარი მოიღო, მათ შორის 4 400 ლარი პარტიის ერთ-ერთი წევრი ნიკა ობოლაძისგან.
ამავე პერიოდში, პარტია „თავისუფალ საქართველოს“ 1 010 ლარი, „ეროვნულ ფორუმს“ კი, 350 ლარი შეწირეს.