„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნიკა მელიასთვის დეპუტატობის შეწყვეტაზე პარლამენტის გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე პარლამენტის გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განუცხადა.
დეპუტატის ინფორმაციით, პარტიამ საკონსტიტუციო სასამართლოს დღეს მიმართა.
„პარლამენტის ეს დადგენილება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში, ხოლო სააპელაციო სასამართლოში ჯერ კიდევ არის ვადები და ის აუცილებლად გასაჩივრდება. ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტა იყო უკანონო, პოლიტიკური დევნა და უპრეცედენტო შემთხვევა, რაც პარლამენტარიზმის ისტორიაში შევა, როგორც სამარცხვინო აქტი“, – აღნიშნა გოცირიძემ.
ამასთან, რომან გოცირიძე ბადრი ბასიშვილის უფლებამოსილების არცნობის თაობაზე, უმრავლესობის წევრ კარლო კოპალიანის განცხადებას გამოეხმაურა.
„შეუძლებელია, არ დაამტკიცო დეპუტატის უფლებამოსილება. ასე უმრავლესობას შეუძლია, არჩევნების დამთავრებიდან პირველივე დღეს არ ცნოს ოპოზიციის უფლებამოსილება ამათუ იმ იმ მოტივით. ეს დიდი უაზრობაა და სამართლებრივი ნონსესია. პარლამენტი ვალდებულია, ადგილმონაცვლე დაამტკიცოს. კარლო კოპალიანი რაიკომის მდივნობაზე ოცნებობდა, ორი წელი რუსეთში ისწავლა, ჩამოვიდა და საქართველო დამოუკიდებელი დახვდა, რაიკომი გაუქმებული. ზონდერები და მოძალადეები არიან „ქართულ ოცნებაში“. კარგად ვხედავთ, ამ ზონდერების ნამუშევრებს, თვალდათხრილ ადამიანებს, სისხლიან გარჩევებს, თავდასხმებს ოპოზიციაზე. ზონდერები საკუთარ გუნდში მოიკითხოს“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება 12 დეკემბერას შეუწყდა.
სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი არცერთი იყო.
ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი ბანკი ,,ქართუს“ ხელოვნურად გაკოტრების ბრალდების საქმეზე, ბრალდებულის, ნიკანორ მელიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გახდა.