„ვარდების რევოლუციის“ მე-18 წლისთავთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე ცოცხალი ჯაჭვის აქცია გამართეს.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, დღეს ყველაზე მძიმე საყურებელი არის ის, რომ „ვარდების რევოლუციის“ მთავარი ავტორი და შემოქმედი ციხეში იმყოფება.
„ეს არის სწორედ დიდი დანაშაული ამ ხელისუფლების, რომელიც ერთად უნდა გამოვასწოროთ. შევახსენებ ყველას, რომ დღეს ჩვენ თუ შეგვიძლია რამეთი დავიკვეხნოთ და ვიამაყოთ, თუ კიდევ რამე დაგვრჩა საამაყო ჩვენ ქვეყანას, ეს არის სწორედ იმ ცვლილებების დანატოვარი, რომელიც მოიტანა ვარდების რევოლუციამ. თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა, რომ ქვეყანა ისევ გადავიყვანოთ იმ გზაზე, რომელსაც ჰქვია განვითარება და წინსვლა“, – განაცხადა უდუმაშვილმა.
ამასთან, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, დღევანდელი დღე ემოციურია, რადგან მიხეილ სააკაშვილი ციხეშია.
„ეს არის უფრო ემოციური იმდენად, რამდენადაც მიხეილ სააკაშვილი არის ციხეში და მე მას მინდა, პირადად მივულოცო ეს განსაკუთრებული დღე. დარწმუნებული ვარ, ის მემკვიდრეობა, რომელიც „ვარდების რევოლუციის“ მემკვიდრეობა, ბევრი თქვენგანი უმაღლესში მოხვდა იმ გამოცდებით, ყოველგვარი ნეპოტიზმის და კორუფციის გარეშე, ამიტომ ყველას გილოცავთ“, – განაცხადა დეკანოიძემ.
როგორც კობა ხაბაზმა აღნიშნა, პროტესტი და აქციები გაგრძელდება, ვიდრე ქვეყანა არ დაუბრუნდება აღმშენებლობის გზას.
„პროტესტი გრძელდება, ვიდრე არ დაუბრუნდება ქვეყანა იმ გზას, როდესაც ქვეყანა წინ მიდიოდა და უკეთესი მომავალი იქმნებოდა. ეს პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არ იქნება თავისუფალი, ვიდრე არ დაინიშნება ვადამდელი არჩევნები“, – განაცხადა კობა ხაბაზმა.