„ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნების მეორე ტურის 28 ნოემბერს დანიშვნის გამო, ცესკო-ს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნების მეორე ტურის 28 ნოემბერს დანიშვნის გამო, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
ისინი ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვენ.
„ჩვენი აზრით, აღნიშნული გადაწყვეტილება არღვევს არჩევნების საყოველთაობის პრინციპს, რადგან ბევრ ამომრჩეველს ეზღუდება უფლება და მეორე ტურში მონაწილეობის პრობლემა ექმნება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. გარდა ამისა, ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსის მთელ რიგ მუხლებს, რომლებიც განსაზღვრავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს არასამუშაო დღეს.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ჰქონდა ამის უფლებამოსილება. შეეძლო, ეს გადაწყვეტილება მიეღო, მაგრამ მათ ჯიუტად გაითვალისწინეს სალომე ზურაბიშვილისა და „ქართული ოცნების“ შტაბის დაკვეთა და პრაქტიკულად, ცესკო სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბად გადააქციეს“, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილი.
მისი განმარტებით, სასამართლო ვალდებულია, არჩევნებთან დაკავშირებული სარჩელი სასამართლომ შეზღუდულ ვადებში, დაახლოებით 48 საათის განმავლობაში განიხილოს.