„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი მაია კუკავა დეპუტატ ანა წითლიძეს შეურაცხყოფაში ადანაშაულებს
ზუგდიდის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების ყოფილი თანაშემწე მაია კუკავა პარლამენტარ ანა წითლიძეს შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.
როგორც მაია კუკავა სოციალურ ქსელში წერს, როდესაც ხაბეიშვილი მოვიდა ენმ-ის თავმჯდომარედ, დაიწყო დაკითხვები და მუქარები, რაც მისთვის დამამცირებელი აღმოჩნდა.
„ამიტომაც დავდექი იმ ადამიანებთან, რომლებმაც დატოვეს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. საქართველოს პარლამენტის წევრობა არის უდიდესი პასუხისმგებლობის საქმე, მით უმეტეს, ოპოზიციური პარტიიდან. პირად მიმოწერებში ანა წითლიძის მიერ ჩემთვის გამოგზავნილი წერილები არის დასტური, რომ ამ ადამიანს საერთოდ არ ესმის, სად იმყოფება, მისი ბრძოლა არის მხოლოდ მოჩვენება და ფარსი.
გუშინ რაც მოხდა საკრებულოს კომისიის სხდომაზე, ეს ყველაფერი მოხდა მისი და ზაზა გოროზიას კარნახით, რომელმაც გუშინ, დილით ინსტრუქტაჟი ჩაუტარა კომისიის წევრებს.
ზაზა გოროზიამ და წითლიძემ ჩათვალეს, რომ დაგვსაჯეს ისინი, ვინც არ დავრჩით იმ სიმახინჯეში, რომელიც ბოლო დროს შეიქმნა პარტიაში და ეს გააკეთეს „ქართული ოცნების“ წევრებთან კოლაბორაციაში. ფართო საზოგადოების წინაშე გამომაქვს ერთ-ერთი ამონარიდი ანი წითლიძისა და ჩემი მიმოწერიდან. ბოდიშს გიხდით ყველას იმ სიტყვებისთვის, რაც აქ წერია. მივიჩნევ, რომ ეს ყველამ უნდა იცოდეს, თუ ვინ არის სინამდვილეში ეს კანონმდებელი“, – წერს მაია კუკავა.