„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა რესპუბლიკის მოედნიდან პრეზიდენტის რეზიდენციისკენ აქცია-მსვლელობა გამართეს
რესპუბლიკის მოედანზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები და ლიდერები აქციას მართავენ. ისინი ავტოკოლონით ათონელის ქუჩის მიმართულებით, პრეზიდენტის რეზიდენციისკენ გაემართნენ.
როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ისინი სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს აპროტესტებენ, რომელსაც პრეზიდენტი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო აკეთებდა.
„სალომე ზურაბიშვილი დღეს რომ თავს იწონებს სტრასბურგში მიღებული გადაწყვეტილებით, ყველას შევახსენებ, რომ რამდენიმე წლის წინ პირდაპირ ადანაშაულებდა ჩვენს გმირებს და სამხედროებს აგრესიაში. ეს ის ქალბატონია, რომლის ნებისმიერი განცხადება ზიანის მომტანია სახელმწიფოსთვის. მან ზერიოზული ზიანი მიაყენა ერთი განცხადებით საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებს. მან საჯაროდ მადლობა მოუხადა თამარ ჟვანიას სანახევროდ ჩატარებული არჩევნებისთვის. ზოგადად ეს ქალბატონი ემსახურება არა საქართველოს, არამედ სხვა ქვეყნის ინტერესებს“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა.