„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის მიერ თათია სამხარაძის მიმართ შესაძლო თავისუფლების აღკვეთასა და ძალადობაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის მიერ თათია სამხარაძის მიმართ შესაძლო თავისუფლების აღკვეთასა და ძალადობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 126-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც ძალადობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
„პოსტივიმ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დიმიტრი ჩიქოვანი და თათია სამხარაძე წერეთლის N67-ში კონსპირაციულ შეხვედრას მართავდნენ. მათივე ცნობით, ადგილზე მისულ გადამღებ ჯგუფს წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ სამხარაძე, შესაძლოა, გატაცებული ყოფილიყო. „წყაროს ინფორმაციით, სამხარაძესა და ჩიქოვანს შორის კონფლიქტი მოხდა. კონფლიქტი თანხის ოდენობას უკავშირდება, რომელსაც კეზერაშვილის ცოლისძმა სამხარაძეს შალვა რამიშვილის წინააღმდეგ ორგანიზებული კამპანიის სანაცვლოდ დაჰპირდა. „პოსტივის“ გადამღებმა ჯგუფმა ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა“,- აღნიშნულია „პოსტივის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ადგილზე საპატრულო პოლიციის გამოძახების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, მათ შორის პეტრე ცისკარიშვილიც იმყოფებოდა.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, ადგილზე მყოფ „პოსტივის“ ჟურნალისტს, ნათია ბერიძეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დიმიტრი Ჩიქოვანი ფიზიკურად გაუსწორდა. მომხდარზე კი სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.